ცოტნე გამსახურდიას საქმე

"იძულებულები გახდნენ, მოეხსნათ აკრძალვა" - ცოტნე გამსახურდიას ცოლი პაციენტთან შეუშვეს

ცოტნე გამსახურდიას ცოლს თურქეთის კლინიკაში პაციენტის ნახვის საშუალება მისცეს. ანა ჯაბაურის თქმით, "იძულებულები გახდნენ, მოეხსნათ აკრძალვა". მისივე ცნობით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

"შესვლის საშუალება მომცეს. ვნახე ცოტნე, ცოტნეს ექიმსაც ველაპარაკე, ისევ არის სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში, ჯერ ისევ არის უგონოდ და უტარდება ყველანაირი მკურნალობა, რაც შეიძლება. მოგვიანებით, ერთი კვირის ან ათი დღის შემდეგ იგეგმება MRT-ის გაკეთება, იქ უფრო ცხადი სურათი იქნება" - ამბობს ჯაბაური იმედთან სატელეფონო საუბარში.

ინფორმაცია, რომ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მოთხოვნით, ცოტნე გამსახურდია თურქეთში, კლინიკაში სრულ იზოლაციაში ჰყავდათ, ანა ჯაბაურმა 28 იანვარს გაავრცელა. ის ამბობდა, რომ თურქულმა კლინიკამ დოკუმენტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღო.

"მასში ნათქვამია, რომ ცოტნე გამსახურდიასთან არ დაიშვება არავინ, მანანა არჩვაძის გარდა", - უთხრა ანა ჯაბაურმა მთავარ არხს.

მისი წარმომადგენელმა, ჯაბა კვარაცხელიამ მედიას ჯაბაურის გაცხადება გააცნო, რომელშიც ნათქვამია, რომ "ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქ-ნი მანანას გარდა ვინმეს დაშვებას“.

განცხადებაში ასევე წერია, რომ "3 კვირის წინ კლინიკაში ცოტნესთან მისულ ანა ჯაბაურს მანანა-არჩვაძე გამსახურდიამ გზა გადაუღობა, თუმცა ამ უკანასკნელის სურვილის წინააღმდეგ თურქმა ექიმებმა ანა ჯაბაური ცოტნესთან დაუშვეს.

ცოტნეს პალატიდან დერეფანში გამოსულმა კი იქვე ახლოს მყოფი, ამ ფაქტით აღშფოთებული ქალბატონი მანანას სატელეფონო საუბარი მოისმინა ჩვენთვის უცნობ პირთან იმის შესახებ, თუ როგორ დაურეკა მან თავის მეგობარ სალომე ზურაბიშვილს და თუ როგორ აღუთქვა ამ უკანასკნელმა დახმარება და მხარდაჭერა".

ცოტნე გამსახურდიას ცოლის წარმომადგენლის განცხადებით, მეორე დღეს კლინიკაში მისულ ანა ჯაბაურს ადმინისტრაციამ აუწყა, რომ არსებობს წერილი, რომლის საფუძველზეც ნებისმიერ ადამიანს, მანანა არჩვაძის გარდა, "კატეგორიულად ეკრძალება ცოტნეს ნახვა, მის ექიმებთან გასაუბრება, მის შესახებ რაიმე ინფორმაციის მიღება. ხოლო ანა ჯაბაურის ცოტნესთან დაშვების უფლების მისაღებად მოითხოვეს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტნეს მხარდამჭერად ცნობის შესახებ".

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მსგავსი დოკუმენტის არსებობა იმავე საღამოს უარყო და ანა ჯაბაურის ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ფეიკ ნიუსს" უწოდებს თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. არანაირი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით არ მომზადებულა და მით უფრო, თურქეთის კლინიკაში არ გაგზავნილა - ეს აბსოლუტური ფეიკ ნიუსია",- წერია განცხადებაში.

ცოტნე გამსახურდია თბილისში 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. მას გულ-მკერდისა და თავის არეში ორი მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. რამდენიმე კვირის წინ გამსახურდია თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.

კომენტარები