ცოტნე გამსახურდიას საქმე

ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის დაკავებული 5 პირიდან ოთხს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ინტერპრესნიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე დაკავებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო იმავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 1 პირი - თორნიკე ქვათაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და გაათავისუფლა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

დაკავებულებს: პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ, 21 დეკემბერს წარუდგინეს.

ერთ-ერთ მათგანს, გიორგი სოლოღაშვილს პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირა.

პროკურატურა ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას 2 ადამიანს, გიორგი სოლოღაშვილს და ტატო ღარიბაშვილს ედავება. 

სისხლის სამართლებრივი დევნა დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო 3 პირის, კახა ჩხეტიანის, პეტრე ყუფარაძის და თორნიკე ქვათაძის მიმართ არის დაწყებული. 

მომდევნო სასამართლო სხდომა 12 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება.

ზვიად გამსახურდიას შვილს, ცოტნე გამსახურდიას მძიმე ჭრილობები 19 დეკემბერს მიაყენეს.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, დაპირისპირება დაკავებულ ებსა და გამსახურდიას შორის სუფრაზე დაიწყო. ჩომახაშვილი უარყოფს, რომ დანაშაულის მოტივი პოლიტიკურია. ინტერპრესნიუსის გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ სუფრაზე მყოფმა პირებმა გამსახურდიას "ღვინო დაუწუნეს". 

ცოტნე გამსახურდია გულ-მკერდისა და თავის არეში ჩატარებული ორი მძიმე ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე რჩება და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

კომენტარები