სხვა სახელისუფლებო გვერდებთან ერთად, ფეისბუქმა Bidzina ivanishvili & media-ც წაშალა. სოციალურ ქსელში ანგარიში აღარ იძებნება.
Bidzina ivanishvili & media ფეისბუქზე რამდენიმე წლის წინ დარეგისტრირდა და ქართულ ოცნებასთან ასოცირდებოდა. ანგარიში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიური იყო და უმეტესად, პირდაპირ ქართული ოცნების წარმომადგენლების მოსაზრებებსა თუ პარტიის სარეკლამო შინაარსის პოსტერებს აქვეყნებდნენ, ასევე, ბიძინა ივანიშვილის ვიდეო მიმართვებს, სიტყვით გამოსვლებსა და ინტერვიუებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მკვლევარი, შოთა ნარსია ფეისბუქზე წერს, რომ გვერდი 20 დეკემბერს, სხვა ქართულ ცრუ ანგარიშებთან ერთად გაუქმდა. სწორედ ISFED-ია ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელთანაც ფეისბუქს ქართული გვერდების წაშლის შემდეგ კომუნიკაცია ჰქონდა.
"ფეისბუკმა ასევე წაშალა 2011 წლიდან მოქმედი გვერდი - "Bidzina Ivanishvili & Media". მოცემულ გვერდს გაუქმებამდე 19 ადმინი მართავდა. ამ გვერდის გაუქმება ნიშნავს, რომ იგი კოორდინირებულ არაავთენტურ ქმედებაში იყო ჩართული და იმავე პირების მიერ(აც) იმართებოდა, რომლებიც ფეისბუკზე ანონიმურად მოქმედ გვერდებს უწევდნენ ადმინისტრირებას", - წერს ნარსია.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით კი, ფეისბუქის წაშლილ ანგარიშებს შორის არის ის ცრუ გვერდებიც, რომლებზსაც "სამართლიანი არჩევნები" აკვირდებოდა და ანგარიშებში წერდა. მიხეილ ბენიძე აღნიშნავს, რომ ფეისბუქი აგრძელებს არაავთენტური ქცევის შესწავლას და, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის მერე კვლავ მიიღებს მსგავს ზომებს სხვა გვერდებთან და კოორდინირებულ ქსელებთან დაკავშირებით.
Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.
გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.