სამთავრობო პროპაგანდა

იონათამიშვილი: ენმ ფონს გასვლას მის მიერვე შექმნილი გვერდების დარეპორტებით ცდილობს

ინტერპრესნიუსი

ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ Facebook-ის მიერ 400-ზე მეტი ყალბი გვერდის და პროფილის წაშლა, რომლებიც დეზინფორმაციას და მანიპულაციურ ინფორმაციას ავრცელებდნენ და ქართული ოცნების ხელისუფლებასთან არიან კავშირში, ნაციონალური მოძრაობის ბრალია. 

"დიდი კრახი განიცადა ქვეყნის შიგნით ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ ახლა ძირითადად ორ რამეზე არიან გადასული - ერთი, თუ სადმე კონტაქტი შერჩათ საერთაშორისო ასპარეზზე, ცდილობენ, ნეგატიური მესიჯები მოიპოვონ მათგან, ერთი-ორ შემთხვევაში ეს გამოუვიდათ, მაგრამ აქაც ებრძვიან საქართველოს და არა ქართულ ოცნებას და მეორე ის, რაც ჩვეულია: ვირტუალური ცხოვრებით ცხოვრობენ და დარეპორტებით, მათ შორის, მათ მიერვე შექმნილი გვერდების დარეპორტებით ცდილობენ ფონს გასვლას", - თქვა ქარული ოცნების დეპუტატმა. 

20 დეკემბერს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

ტექნოლოგიური გიგანტის ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მხოლოდ 21 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან გააკეთეს. მათი კომენტარები თითქმის იდენტურია - დამნაშავე ოპოზიციაა, ვინაიდან Facebook-მა მხოლოდ მმართველი გუნდის მხარდაჭერი გვერდები და პროფილები წაშალა. 

"ოცნების" წევრების ნაწილი საუბრობს "დეზინფორმაციის რეგულაციაზეც". 

Facebook-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

"ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება,"- წერია განცხადებაში.

კომენტარები