საარჩევნო სისტემა

ელიზაბეთ რუდი: პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდება იმედგაცრუება იყო

პირველი არხი

ელიზაბეთ რუდი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ასრულებდა, რუსთავი 2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტის ჩაგდება იმედგაცრუება იყო.

რუდის თქმით, უნდა მოიძებნოს საუკეთესო გზა იმისათვის, რომ დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო მთავრობას ქართველი ხალხისთვის, დემოკრატიას კი წინ წაწევს.

(რუსთავი 2-ის თარგმანი)

"კანონპროექტის ჩაგდება იყო იმედგაცრუება, რადგან ამ საკითხზე დიდი მოლოდინი არსებობდა, ჩვენ ვცადეთ პროცესს დიალოგის ხელშეწყობით დავხმარებოდით, ძალიან ვაფასებ რომ, როგორც მმართველი ასევე, ოპოზიციური პარტიები დათანხმდნენ მოლაპარაკებებს, რათა განხილულიყო საარჩევნო სისტემის ცვლილებების საშუალებები, რომლებიც სამართლიანად წარმოადგენს და ასახავს ქართველი ხალხის ხმებს არჩევნებზე.

უმნიშვნელოვანესია იყოს პოზიტიური გარემო ნდობის აღდგენისთვის, მოვუწოდებთ ყველა ჯგუფს, რომელიც სარგებლობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, ეს გააკეთონ კანონის უზენაესობის ფარგლებში და არასოდეს მიმართონ ძალადობას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სამართალდამცავი, საგამოძიებო და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები სიფრთხილით მოეკიდონ პროცესს და დაიცვან სრული ობიექტურობა პოლიტიკური გავლენების გარეშე, ეს ხელს შეუწყობს ისეთი გარემოს შექმნას, რომლის მიმართაც არსებობს ნდობა.

არ ვიცი, როგორ დამთავრდება მოლაპარაკებები, რომლის მეოთხე რაუნდიც უკვე შედგა, მთავრობამ წარმოადგინა ახალი შეთავაზება, რასაც მივესალმეთ კიდეც თუმცა, მასზე შეთანხმება არ მიღწეულა. ახლა ავიღებთ გარკვეული პერიოდით შესვენებას, მონაწილეებს ექნებათ საშუალება ანალიზი გააკეთონ, ამ პროცესს კი იანვრიდან გავაგრძელებთ. ვფიქრობ, კონსტრუქციულია, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ერთ-ერთმა მხარემ რაღაც ახალი წარმოადგინა, მე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, გახდება თუ არა ეს შეთანხმების საფუძველი და ვერ ვიტყვი, რომელია სწორი საარჩევნო სისტემა საქართველოსთვის, ეს ქართველების გადასაწყვეტია.

შევხედავთ სხვადასხვა შეთავაზებებსაც, საბოლოო უარი არაფერზე ყოფილა. უნდა მოიძებნოს საუკეთესო გზა იმისათვის, რომ დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო მთავრობას ქართველი ხალხისთვის, დემოკრატიას კი წინ წაწევს," - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა რ2-თან ინტერვიუში.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილი კრიზისის გადასაჭრელად და ხელისუფლება და ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით, 20 დეკემბერს ერთმანეთს მეოთხედ შეხვდა.

შეხვედრების მე-4 რაუნდზე ოპოზიციას წარუდგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით უნდა ჩატარდეს, არსებული 150 მანდატი კი პროპორციული სიით არჩეულ 100 და მაჟორიტარული სიით არჩეულ 50 დეპუტატზე უნდა გადანაწილდეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ 2020-ის შემდგომი არჩევნების ჩატარებაც სწორედ ამ მოდელით სურთ.

საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. ეს წესი ვრცელდება რიგგარეშე არჩევნებზეც, თუ ის 2020-ის შემდეგ დაინიშნება. თუმცა, უმრავლესობას ამ ჩანაწერის შეცვლა სურს.

რამდენიმე დღის წინ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ მიიღონ ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ჩატარდება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში დიმიტრი ხუნდაძე 10 დეპუტატთან ერთად პარლამენტიდან გაიტანს საკონსტიტუციო კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც 2024 წლის არჩევნები სრულად მაჟორიტარული წესით უნდა ჩატარდეს.

ოპოზიციისთვის ხელისუფლების ყველა შეთავაზება მიუღებელია. როგორც ისინი, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსი აქვს, ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩასატარებლად უნდა გამოიყენოს.

ხელისუფლება ე.წ გერმანულ მოდელს, რომელიც ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივაა, სწორედ იმ მიზეზით უარყოფს, რომ ის, მათი აზრით, კონსტიტუციას არ შეესაბამება და საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს. თუმცა, ასე არ არის - გერმანული მოდელი კონსტიტუციურია და ცვლილებას მხოლოდ საარჩევნო კოდექსში ითვალისწინებს.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციის ზეწოლის და საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო.

პროტესტი კი, თავის მხრივ, მმართველი გუნდის მხრიდან პირობის შეუსრულებლობას მოჰყვა - 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

კომენტარები