სამთავრობო პროპაგანდა

ხუნდაძე: FB-ს ჰკითხეთ რა მტკიცებულება აქვს, ოპოზიცია ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში პროფესიონალია

ტვ. პირველი

ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ფეისბუქის მიერ სახელისუფლებო გვერდების წაშლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება.

რაც შეეხება იმას, რომ ფეისბუქმა ქართული ოცნების ხელისუფლებას პირდაპირ დაუკავშირა პროსახელისუფლებო, ანტიდასავლური და ანტიამერიკული, ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული გვერდები და კამპანიები, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ამას დასაბუთება სჭირდება.

"ფეისბუქმა გააუქმა არამხოლოდ საქართველოს არაავთენტური ანგარიშები, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისაც და სხვა ქვეყნისაც. ის, რომ ეს არის ქართული ოცნების, ამას აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. თუ ამას ფეისბუქი ამბობს, მაშინ ამას სჭირდება დასაბუთება. სხვათაშორის, ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, რომ არც ერთი რეგისტრირებული ანგარიში არ არის დაბლოკილი, რომელიც ყოფილ ხელისუფლებაზე ავრცელებს რაიმე ისეთ ინფორმაცია. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მაქვს ეჭვი, რომ ეს არის სწორედ აქედან მიწოდებული ინფორმაცია და ამაზე აქვთ რეაგირება", - ამბობს ხუნდაძე.

ტაბულამ მას ჰკითხა, "აქედან მიწოდებულ" ინფორმაციაში ვის გულისხმობს. დეპუტატი ხელს ოპოზიციისკენ იშვერს.

​"კი, შეიძლება იყოს მიწოდებული ინფორმაცია. ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში პროფესიონალები რომ არიან, ამაში უნდა დამეთანხმოთ, მაგრამ გაგიჭირდებათ, ვიცი, ამის დადასტურება თქვენ", - აღნიშნა ხუნდაძემ.

გარდა ამისა, ტაბულა დაინტერესდა, რას ცვლის ქართული ოცნებისთვის ის, რომ ფეისბუქმა სხვა ქვეყნებშიც წაშალა ყალბი ანგარიშები და როგორ ამართლებს ეს პარტიას. დიმიტრი ხუნდაძე ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას არ აკეთებს. ამ რეპლიკის შემდეგ, ჩვენ მას ვკითხეთ, მისი აზრით, ფეისბუქი იტყუება? ამ კითხვაზე პასუხად, დიმიტრი ხუნდაძემ გვითხრა, რომ ეს ფეისბუქს უნდა ვკითხოთ "რა მტკიცებულებები აქვს".

"ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა, სწორედ ამიტომ მოვიყვანე სხვა ქვეყნების მაგალითი. ისევე, როგორც სუიციდის ფაქტი, რომელიც ძალიან ცუდი ფაქტია, ძალიან მძიმე ფაქტია, მაგრამ სამწუხაროდ, დანაშაული და ასეთი მძიმე ფაქტები არ ხდება მხოლოდ საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს არ არის შეღავათი, თქვენ რომ ეს ლოგიკა არ განავითაროთ, მაგრამ ეს არის ყველა ქვეყნისთვის არსებული პრობლემა", - ამბობს დეპუტატი.

ამასთან, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ყალბი ახალი ამბები და სიძულვილის ენა ზოგადად პრობლემაა და "უნდა ვიფიქროთ გარკვეულ რეგულაციებზე".

"სხვათაშორის, ეს ფეიქნიუსები და ეს სიძულვილის ენა რომ არის პრობლემა, მე პარლამენტის ტრიბუნიდანაც მაქვს გაკეთებული განცხადება. ასე რომ, ეს პრობლემა ნამდვილად არის და ალბათ უნდა ვიფიქროთ გარკვეულ რეგულაციებზე, თუნდაც ოპოზიციური სპექტრიდან პოლიტიკოსებთან ერთად. ეს არის საერთო პრობლემა, რომ ფეიქნიუსები ცდილობენ გადაფარონ სწორი ინფორმაცია ტყუილით და სიცრუით", - თქვა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა​ თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

კომენტარები