სამთავრობო პროპაგანდა

კახაძე FB გვერდებზე: მოკრძალებულ რაღაცებს ვაქვეყნებ, Facebook-ის პოლიტიკურად გამოყენება არ მიცდია

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი, ლადო კახაძე ამბობს, რომ ფეისბუქის მიერ სახელისუფლებო გვერდების წაშლის შესახებ "არანაირი წარმოდგენა" არ აქვს. 

ტაბულამ მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ ფეისბუქმა ქართული ოცნების ხელისუფლებას პირდაპირ დაუკავშირა პროსახელისუფლებო, ანტიდასავლური და ანტიამერიკული, ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული გვერდები და კამპანიები.

"ვაიმე, ვერ გეტყვით ვერაფერს, არა მაქვს არანაირი წარმოდგენა, სიმართლე გითხრათ. მე პირადად ფეისბუქის მომხმარებელი ვარ, მაგრამ ასეთი აქტიური ნამდვილად არა ვარ. ვერ გეტყვით. მე იქ რაღაც-რაღაცებს კი ვაქვეყნებ, ჩემს რაღაცებს, მოკრძალებულს, მაგრამ პოლიტიკურ ჭრილში ფეისბუქის გამოყენება არ მიცდია არასოდეს და სოციალური ქსელის ამ ნაწილს, მართალი გითხრათ, დიდ ადგილს ვერ ვუთმობ", - თქვა კახაძემ.

ის აღნიშნავს, რომ ზოგადად ინტერნეტში ტროლებისა და ბოტების შესახებ სმენია, მაგრამ თავად საკუთარი სახელით და გვარითაა დარეგისტრირებული.

"ახლა ასე მსმენია რასაკვირველია, მაგრამ საერთოდ მომხრე ვარ... მე ჩემი სახელით და გვარით ვარ დაფიქსირებული და ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი დაწერილი რაღაც-რაღაცები, რაც მე სატკივარი მაქვს ან გასაზიარებელი, ჩემი სახელით და გვარით ვავრცელებ, არ ვერიდები. ფეისბუქი გამზიარებელი უნდა იყოს რჩევების, კონსულტაციის მიღების, შეხიდების, ბჭობის. კარგი საშუალებაა მოკლე დროში გადავცეთ ინფორმაცია. მე ასაკით ცოტა მეტის ვარ და ახალგაზრდებს სხვა შეხედულება აქვთ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ასე ვფიქრობ", - ამბობს დეპუტატი.

ამასთან, ტაბულამ ლადო კახაძეს ჰკითხა, მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული გვერდები წაშალა, ჰქონდათ თუ არა გუნდში ამაზე საუბარი. დეპუტატი ამბობს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

კომენტარები