ცოტნე გამსახურდიას საქმე

"საჭიროა ორმხრივი ტრეპანაცია" - ცოტნე გამსახურდიას მეორე ოპერაციას თავის ქალაზე უტარებენ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს, ცოტნე გამსახურდიას მეორე ოპერაციას უტარებენ. ტომოგრაფიის შედეგად გაირკვა, რომ თავის ქალაზეც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.

"დაიწყო მეორე გადაუდებელი ოპერაცია თავზე - სადაც არის ოთხი დაზიანება ქალა-სარქვლის ძვლების მოტეხილობით და მრავლობითი ინტრაკრანიალური ჰემატომებით. საჭირო იქნება ორმხრივი ტრეპანაცია. ნეიროქირურგიულ ოპერაციას შეასრულებს ცნობილი ნეიროქირურგი არჩილ ჯვარშეიშვილი. ილოცეთ ჩვენთვის" - წერს Facebook-ზე დაჭრილის ძმა, კონსტანტინე გამსახურდია.

ცოტნე გამსახურდიას პირველი ოპერაცია ორი საათის წინ ჩაუტარდა. ამის შემდეგ, კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებს უნდა გადაეწყვიტა, თავის ქალაზეც დასჭირდებოდა თუ არა ქირურგიული ჩარევა. ექიმ გიორგი გვახარიას თქმით, პაციენტს აქვს "გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობები, მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით და პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის არსებობით. გარდა ამისა, აღენიშნება ზურგის, მარცხენა ბეჭის მიდამოში ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა და თავის, თხემის მიდამოში ოთხი ნაკვეთი და დაჟეჟილი ჭრილობა".

"ვნახავთ დაზიანების ხარისხს და ნეიროქირურგი გადაწყვეტს ტაქტიკას - საჭირო იქნება დამატებით ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება თუ არა. მდგომარეობა სერიოზულია, მძიმეა. პოლიტრავმა - ეს უკვე მძიმე პათოლოგიაა, ცხოვრებისთვის საშიში დაზიანებაა, როგორ განვითარდება შემდგომი ტაქტიკა და საჭირო გახდება თუ არა დამატებითი ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიური ოპერაციები, ამას გვაჩვენებს კვლევები" - ამბობდა ხეჩინაშვილის კლინიკის ქირურგი, გიორგი გვახარია პირველი ოპერაციის შემდეგ.

ცოტნე გამსახურდია რამდენიმე საათის წინ, თავის სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. შსს-მ გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები