მოზარდზე ზეწოლა

წულუკიანი მოზარდის თვითმკვლელობაზე: კერძო სკოლებსაც უნდა შეეხოთ თუნდაც მკაცრი რეგულაციები

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, კერძო სკოლები უნდა დაექვემდებარონ იმავე მოთხოვნებს, რასაც საჯარო სკოლები. თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ განათლების მინისტრის გეგმაში ეს ასახული იქნება.

"მინისტრმა თქვა, რომ მას ექნება სამოქმედო ხედვა და გეგმა, ერთადერთი, რასაც ჩვენ დღეს ხაზი უნდა გავუსვათ არის, ვიფიქროთ იმაზე, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რასაც საჯარო სკოლები. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ერთერთი ფუნდამენტი იმ გეგმისა. საგანმანათლებლო დაწესებულება რომ არის კერძო, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ მათ არ უნდა შეეხოთ, თუნდაც მკაცრი, მაგრამ რეგულაციები" - ამბობს იუსტიციის მინისტრი და აღნიშნავს, რომ 15 წლის ბავშვის თვითმკვლელობის საქმე გაცილებით კომპლექსურია, "ვიდრე ერთი გამომძიებლის მიერ არასრულწლოვნის გამოკითხვა თუ დაკითხვა".

განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მანდატურების და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების გადამზადება, ასევე, ფსიქოსოციალური სამსახურის გაძლიერება კერძო სკოლებშიც უნდა მოხდეს. მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის შემდეგ თქვა, რომ "სახელმწიფოს უმთავრესი მიზანია ბავშვების უფლებების დაცვა, მზრუნველობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა". 

"ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც აგვაცილებს მსგავს ტრაგედიებს. ამ მხრივ სამინისტრომ დაიწყო და მიმდინარეობს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება - სკოლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება, იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება, ფსიქოსოციალური მომსახურების გაძლიერება. ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესები დაიწყოს კერძო სკოლებშიც, ხოლო სამინისტროს მხრიდან გაძლიერდეს ამ პროცესების დანერგვის ხელშეწყობა. 

პრემიერმინისტრმა დაგვავალა კონკრეტული ღონისძიებები და ჩვენ ერთ კვირაში წარმოვადგენთ ზუსტ და დროში გაწერილ გეგმას" - თქვა მიხეილ ჩხენკელმა.

---

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

ადვოკატ რეზი აჭარაძის თქმით, დედის გარდა, ჩვენებაში მწვანე სკოლის უსაფრთხოების მენეჯერიც ადასტურებს, რომ პოლიციელები ლუკა სირაძეს ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ასევე, ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეს იყო "ძველი სტილის დაკითხვა" და ლუკა სირაძეს სხვა არასრულწლოვანიც დაუპირისპირეს. ამას ამ დრომდე უარყოფს გამომძიებელი. 

"არასრულწლოვნები ჰყავდათ დაბარებული განყოფილებაში და ერთმანეთს დააპირისპირეს, რამაც ორივე მხარეს დიდი სტრესი მიაყენა და უკიდურესად დათრგუნა" - ამბობს ადვოკატი.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვის შემდეგ, კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა თვითმკვლელობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას გულისხმობს, მისცეს ჩვენება. პარალელურად, გამოძიება მიდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. 

კომენტარები