მოზარდზე ზეწოლა

ქანთარია: ჩვენს ბავშვობაშიც ხდებოდა კედლების დაზიანება, მაგრამ სკოლა პოლიციას არ იძახებდა

არ მინდა დავამძიმო ეს ტრაგიზმით სავსე დღეები, მხოლოდ თქვენი აზრი მინდა, გვითხრათ. ჩვენმა თაობამ, ვინც იმ ქვეყანაში ვსწავლობდით, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, ვიცით, სკოლებში ხდებოდა მერხების მტვრევაც, ფანჯრების მტვრევაც, კედლების დაზიანება, აყალმაყალიც, შფოთიც, მაგრამ მე არ მახსენდება, რომ სკოლას პოლიცია გამოეძახებინა და ეს ყოველთვის გვარდებოდა ხოლმე შიდა სფეროში, ჩვენ და ჩვენ თანატოლებს, მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ წარმონაქმნში ვცხოვრობდით, ყველას გვეამაყებოდა, რომ საქართველოში დავიბადეთ.

რა გეგმა გაქვთ ეროვნული ცნობიერების გაღვივების კუთხით, რა გეგმაა სასკოლო სივრცეში ხელოვნების, სულიერების, რწმენის გაძლიერების კუთხით? ახლა რომ გამოკითხვა ჩავატაროთ რამდენს ეამაყება, რომ ის პატარა ქართველია კავკასიის მთების შვილი?

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა ალექსანდრე ქანთარიამ განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე. ლუკა სირაძე პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მეცხრე სართულიდან გადახტა - ჩვენების იძულებით მიღების ბრალდებით გამომძიებელი დააკავეს. არასრულწლოვნისგან პოლიცია სკოლაში წარწერების გაკეთების ფაქტის აღიარებას მუქარით ითხოვდა.

კომენტარები