15 წლის მოზარდის თვითმკვლელობა

"ამ სისტემის დედაც!" - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მდუმარე აქცია დაიწყო

ტაბულა

"ამ სისტემის დედაც!" - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მდუმარე აქცია დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიაა.

მდუმარე აქცია 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეძღვნება, რომელმაც პოლიციაში 2-დღიანი დაკითხვების შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"15 წლის ლუკა სირაძემ თავი პოლიციაში დაკითხვის შემდეგ მოიკლა.

დაკითხვის დროს, იგი პოლიციის მხრიდან ინტენსიურ ფსიქოლოგიურ ტერორსა და შეურაცხყოფას განიცდიდა.

დაკითხვის დროს, ცუდად გახდომის გამო სასწრაფო დახმარების გამოძახებაც ითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

პოლიცია, რომელიც წესით მოქალაქეებს უნდა იცავდეს, ძალადობს ადამიანებზე. ლუკა სირაძე სისტემის პირველი მსხვერპლი არ არის - დემურ სტურუა, თემირლან მაჩალიკაშვილი, ზურაბ დადეშელი, ლევან აბზიანიძე და სხვები - პოლიციის მხრიდან გულგრილობისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.

იცვლებიან მთავრობები და შს მინისტრები, სისტემა კი უცვლელად უგულო და ბოროტი რჩება.

ამ ცხოვრების დედაც, ამ სისტემის დედაც, რომელიც 15 წლის ბავშვს ვერ იცავს", - წერენ სირცხვილიას ორგანიზატორები.

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა. მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ. ოჯახის ცნობით, ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

კომენტარები