პლანეტის უმდიდრესი ადამიანები

ჯეფ ბეზოსმა რამდენიმე წუთით პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა

bloomberg.com

16 დეკემბრის საღამოს, Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა Forbes-ის რეიტინგში პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი რადმენიმე წუთით დაკარგა. რეიტინგის ხანმოკლე ლიდერად ფრანგი ბიზნესმენი, ბერნარ არნო მოგვევლინა. 

ჟურნალ Forbes-ის მილიარდელთა რეიტინგში, რომელიც რეალურ დროში იცვლება ჯეფ ბეზოსმა დაახლოებით ოთხი წუთით დაკარგა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი. დღის მეორე ნახევარში, ფრანგი ბიზნესმენის ბერნარ არნოს ქონებამ 109,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 100 მილიონი დოლარით აღემატებოდა ბეზოსის იმდროინდელ ქონებას. 

ფრანგმა ლიდერობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და რამდენიმე წუთის შემდეგ, ბეზოსი კვლავ დედამიწის უმდიდრესი ადამინი გახდა. Bloomberg-ის მიერ წარმოებულ ანალოგიურ რეიტინგში ბეზოსი და არნო მილიარდერთა რეიტინგის მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ, შესაბამისად. 

Bloomberg-ის მონაცემებით ბეზოსის ქონება 110 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო არნოსი 103 მილიარდს, ხოლო სიის პირველ ადგილს 111 მილიარდით Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი იკავებს. Forbes-ის მიერ წარმოებულ რეიტინგში ბილ გეიტსი 107 მილიარდი დოლარით მესამე ადგილს იკავებს. 

Forbes-ის მიერ მარტში გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, გეიტსის ქონება 96 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო არნოსი 76 მილიარდს. უკვე აპრილში გეიტსის ქონებამ 100 მილიარდს გადააჭარბა, იგივე ზღურბლი არნომ ივნისში გადალახა. მიმდინარე წლის განმავლობაში არნოს ქონება რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარით გაიზარდა, ამის მთავარი მიზეზი არნოს მთავარი აქტივის პრემიუმ ბრენდების ჰოლდინგის LVMH-ის აქციებზე თითქმის 100%-ით გაზრდილი ფასია.

 

კომენტარები