ფრანგულ ყოველკვირეულ ჟურნალში Le Point ბიძინა ივანიშვილის პროფილი გამოქვეყნდა.
"ეკოლოგიური ქურდობა" - ასე უწოდებს სტატიის ავტორი მარკ ნექსონი მილიარდერის ასწლოვანი გიგანტური ხეებით გატაცებას და ყვება, რომ "დამანგრეველმა კაპრიზმა", რომლის შედეგადაც ივანიშვილმა 93 ხე გადარგა, 1 430 ხე გაანადგურა.
"ივანიშვილი ხარჯავს ფიქრის გარეშე. მისი ქონება 5 მილიარდად არის შეფასებული, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედია. ის საკუთარ თავს ჩუქნის ყველაფერს - ხეებს, სასტუმროებს, ნახატებს, ეგზოტიკურ ცხოველებს... და ძალაუფლებას".
ავტორი ამბობს, რომ ივანიშვილი პოსტ საბჭოთა ქვეყნაში "მბრძანებელობს" ქართული ოცნების მეშვეობით, რომელიც საკუთარი სახსრებით დააფუძნა.
"მას ოფიციალურად არანაირი აღმასრულებელი თანამდებობა არ უჭირავს, მაგრამ ყველა მიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობაზე მის პირად მოსამსახურეებს ნიშნავს - შსს მინისტრი? მისი ყოფილი დაცვა. თავდაცვის მინისტრი? მისი შვილის ყოფილი მომვლელი. გენერალური პროკურორი? მისი ყოფილი ადვოკატი. ჯანდაცვის მინისტრი? მისი ყოფილი ექიმი, რომელიც ამ ზაფხულს მისი ცოლის სტომატოლოგმა ჩაანაცვლა".
ავტორის თქმით, ივანიშვილი ბევრ დაპირებას გასცემს, მაგრამ დაპირებები ორთქლდება. ასე, ივანიშვილის დავალებით, გააქრეს მისმა მაჟორიტარებმა საარჩევნო რეფორმის დაპირებაც.
"ამ ცინიკურმა ჟესტმა კრიზისი გამოიწვია რევოლუციური ელფერით. 20 000 ადამიანის მიერ გადაკეტილი ქუჩები, პარლამენტის წინ გაშლილი კარვები. 'დიდი ხანია, რაც ახალგაზრდობის ასეთი მობილიზაცია არ მომხდარა' - აღნიშნავს ერთერთი დიპლომატი".
ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ივანიშვილის ფიცისა, რომ დასავლეთის ერთგულია, ბევრი ეჭვობს, რომ ის მოსკოვის თამაშს თამაშობს. ეს კი პრობლემაა ქვეყანაში, სადაც NATO-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 70% უჭერს მხარს.
ავტორს ილუსტრაციად ის ფაქტები მოყავს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილმა ციხიდან ათობით რუსი ჯაშუში გამოუშვა და არც სახელმწიფო თანამდებობებზე მორიდებია KGB-ს ყოფილი აგენტების დანიშვნას.
ავტორს ნიშანდობლივად მიაჩნია ისიც, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ივანიშვილი და მისი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბარს გაურბის და მის პრემიერმინისტრებს უკრძალავს ნებისმიერ ოფიციალურ ვიზისტს კიევში.
"მე მომიწევს ბოდიში მოვუხადო პუტინს" - ამბობს ის, როდესაც მისი გუნდის წევრები რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას აკრიტიკებენ.





