ქართული ოცნების აქცია

14 დეკემბერს ხელისუფლების აქცია გაიმართება, დამსწრეების მობილიზება დილიდან დაიწყო

1tv.ge

14 დეკემბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების აქცია გაიმართება.

სახელისუფლებო აქციაზე დასასწრებად სხვადასხვა რეგიონიდან ადამიანები დილიდან გამოამგზავრეს. მათ ტრანსპორტირებას ქართული ოცნება უზრუნველყოფს.

მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ აქციის ორგანიზატორი "ოცნების" ახალგაზრული ფრთაა, შეკრების ოფიციალურ მიზეზად კი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომას ასახელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ აქციაზე დამსწრეების მობილიზება საჯარო მოხელეებზე ზეწოლით ხდება. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, სამართლიანი არჩევნების, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა და ღია საზოგადოების ფონდის განცხადების მიხედვით, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მობილიზაციაში ჩართულნი არიან სოფლებში მერიების წარმომადგენლები და სოფლების საკრებულოს დეპუტატები. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარისა და პირადი ნომრის მითითებით.

ქართულმა ოცნებამ აქცია სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაგეგმა. პროტესტის ეს ტალღა არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების პირობის უკან წაღებას მოჰყვა.

 

 

კომენტარები