სამომხმარებლო ფასები

პური - 11%, ყველი - 18%, ხორცი - 18% — როგორ გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქცია

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 7% შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმუმია. 

ბოლო თვეებში ინფლაცია საგრძნობლად იზრდება. წინა წლის ნოემბერთან შედარებით, 2019 წლის ნოემბერში სამომხმარებლო ფასები 6.3%-ით არის გაზრდილი. სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, ყველაზე მეტად ფასები ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში გაიზარდა. ამ ჯგუფის პროდუქციაზე ფასები ბოლო წელს 15,4%-ით არის გაზრდილი. 

ამ ჯგუფში ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკაა. 2016 წლიდან აქციზის ღირებულება ალკოჰოლური სასმელებზე თითქმის გაორმაგებულია. კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი თამბაქოს აქციზის ღირებულება. ამ პერიოდში თამბაქოს ნაწარმზე ახალი ადვალური გადასახადი დაწესდა, რომლის ოდენობაც მოგვიანებით გასამმაგდა. 

გაზრდილი ფასების მიხედვით, შემდეგ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი მოდის. ამ ჯგუფის პროდუქციას მთელი სამომხმარებლო კალათის თითქმის მესამედი უჭირავს, შესაბამისად ეს მოქალაქეების მიერ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქციის ჩამონათვალია. აქ ფასების ზრდა წლიურად 13,4%-ია. 

ფასები გაზრდილია თითქმის ყველა სახეობის საკვებზე. ინფლაცია ამ შემთხვევაშიც შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ინფლაციის ძირითადი მიზეზი ლარის გაუფასურებაა. ვინაიდან, საქართველო გაცილებით უფრო მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის, ლარის დევალვაცია მყისიერად აისახება სამომხმარებლო ფასებზეც. 

პირველადი მომხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • პური — 11.5%;
  • ფქვილი — 16.6%;
  • ყველი — 18.6%;
  • მზესუმზირის ზეთი — 4.5%;
  • შაქარი — 21%;
  • ღორის ხორცი — 13.4%;
  • ძროხის ხორცი — 18.6%;
  • გაყინული თევზი — 16.8%;
  • ახალი თევზი — 6.3%;
  • კვერცხი — 3.4%;
  • კარტოფილი — 18.7%;
  • ქათმის ხორცი — 1.8%;
  • მაკარონი — 4.8%. 

ჩამოთვილილი პროდუქციის გარდა ფასები არის გაზრდილი სხვა სამომხმარებლო ჯგუფებშიც.

მაგალითად, ტრანსპორტის ჯგუფში ფასების ზრდა 3%-ს აღემატება. წინა წლის ნოემბერთან შედარებით ბენზინის ფასი 2.3%-ით არის გაზრდილი, დიზელის - 3.2%-ით. ამ პროდუქციებზე ფასების ზრდა საწვავის ფასის ზოგადი ზრდით არ არის ნაკარნახევი. 2017 წლიდან სახელმწიფომ პრაქტიკულად საწვავზე სააქციზო გადასახადი გააორმაგა. 

მთავრობის მხოლოდ ამ ნაბიჯმა საწვავი 20-25 თეთრით გააძვირა. ტრანსპორტისა და გადაადგილების გაძვირებას მოგვიანებით ხელი შეუწყო თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივამაც. კალაძის მიერ წამოწყებული ტაქსების რეგულაციის ფარგლებში ტაქსის მომსახურების საფასური მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

ბოლო ერთი წლის მანძილზე ტაქსის მომსახურება თითქმის 7%-ით არის გაძვირებული. ეს სავსებით ლოგიკურია, რადგანაც ახალი რეგულაციის ფარგლებში მომუშავე ტაქსების რაოდენობა შემცირდა, ხოლო მოთხოვნა იგივე დარჩა. 

ბოლო წლის განმავლობაში ფასები გაიზარდა ჯანდაცვის ჯგუფშიც. ფასების მატება აქაც 3%-ს აღემატება. უნდა ითქვას, რომ საავადმყოფოს მომსახურებით სარგებლობა შედარებით უმნიშვნელო 0.3%-ით არის გაძვირებული, თუმცა გაცილებით უფრო მეტად გაძვირდა მედიკამენტები. 

მაგალითად, ანტიბიოტიკური პრეპარატები 5%-ით გაძვირდა, ტკვილგამაყუჩებელი - 3%-ით, ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები კი - 7%-ით. ამ ჯგუფში ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი კვლავაც ლარის გაუფასურებაა. იმ ფონზე, რომ მედიკამენტების აბსოლუტური უმრავლესობა იმპორტირებულია, ლარის გაუფასურება პროდუქციის მყისიერ გაძვირებას იწვევს. 

უნდა ითქვას, რომ მედიკამენტები პროდუქციის სპეციფიკური ჯგუფია. აღნიშნული პროდუქცია არაელასტიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა პროდუქციისგან განსხვავებით ფასების ზრდა მოხმარების პირდაპირ შემცირებას არ გულისხმობს. 

მედიკამენტებზე ფასის ზრდის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, შესაძლოა 6 წლის წინ წამოწყებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იყოს. ამ პროგრამის ფარგლებში სათანადო სიზუსტით არ იყო გაწერილი ხარჯების მიზნიობრიობა და არ იწარმოებოდა ხარჯების ზუსტი აღრიცხვა, რამაც მედიკამენტებზე ჭარბი მოთხოვნა წარმოქმნა. ხდებოდა ცალკეული სამედიცინო დაწესებულების სუბსიდირება. მოცემული ფაქტორების შედეგად გაჩნდა ტარიფებისა და ფასების ზრდის ძლიერი მოტივი. 

ცხადია, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახა ფასებზეც. საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების მომენტიდან დღემდე რიგ მედიკამენტებზე ფასი 65-70%-ით არის გაზრდილი. 

ცხადია, გაზრდილი ფასები ყველაზე უარყოფითად მოსახლეობის დაბალშემოსავლიან ნაწილზე აისახა. ბოლო პერიოდში ინფლაციის შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა - მათ შორის იყო რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა. 

თუ რამდენად ეფექტური და საკმარისი აღმოჩნდება ეს ნაბიჯები ფასების სტაბილიზაციისთვის მომავალ თვეებში გამოჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ნათელია, რომ სებ-ის ამ ნაბიჯის თავისი ფასი იქნება. მარტივად რომ ვთქვათ ამ ნაბიჯით ეროვნული ბანკი ბაზარზე არსებული ფულის მასის შემცირებას ფიქრობს, რამაც თავის მხრივ ფასების დასტაბილურებას უნდა შეუწყოს ხელი. 

მაგრამ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ყოველთვის ეკონომიკური ზრდის ტემპს ამცირებს. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის შემცირებულმა პროგნოზმა 2020 წლის ეკონომიკურ ზრდაზე. 

კომენტარები