საკონსტიტუციო ცვლილება

ჯაში მდინარაძის ინიციატივაზე: საფუძველს მოკლებულია, გამოვრიცხავ მხარდაჭერას

პარლამენტი

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პორპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ ოცნებიდან გასულმა მარიამ ჯაშმა ტაბულასთან საუბარში საფუძველს მოკლებული უწოდა მამუკა მდინარაძის დღევანდელ ინიციატივას.

მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის სახელით განაცხადა, რომ თუ 2024 წლამდე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საჭიროება დადგა, ის არსებული შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს. ამისათვის კონსტიტუციური ცვლილება იქნება საჭირო.

ჯაშის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებაზე საუბარი ამ ეტაპისთვის არარეალისტურია, თავად კი გამორიცხავს ინიციატივისთვის ხმის მიცემას.

"ნებისმიერ საკონსტიტუციო ცვლილებაზე საუბარი დღეს 2020 წლამდე, ან თუნდაც 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე არის არარეალისტური, რადგან ვერც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, სავარაუდოდ, ვერ მოიპოვებს საკმარის ხმებს," - ამბობს ჯაში.

"ამ ეტაპზე გამორიცხულია რაიმე მხარდაჭერაზე საუბარი. პირიქით, რამდენადაც ქართულ ოცნებას დასჭირდება დამატებითი ხმების მობილიზაცია თუკი ისინი წავლენ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, ეს იქნება ერთგვარი ტესტი, რომელი ფრაქცია ან რომელი დამოუკიდებელი დეპუტატი შეიძლება გახდეს ამ ინიციატივის მოკავშირე, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა არის საფუძველს მოკლებული."

მდინარაძის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის დამტკიცებას საკონსტიტუციო უმრავლესობა - 113 დეპუტატის ხმა დასჭირდება. ქართულმა ოცნებას კი საკონსტიტუციო უმრავლესობა 2019 წლის თებერვლიდან არ აქვს, როცა მმართველი გუნდი ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვეს. 

მას შემდეგ, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა და საკონსტიტუციო კანონის პროექტი ჩააგდო, უმრავლესობა კიდევ 15-მა დეპუტატმა დატოვა. ახლა უმრავლესობაში 89 დეპუტატია. თუმცა, ვინაიდან მათგან სამმა მანდატიც დატოვა, მათ ქართული ოცნების პარტიულ სიაში მყოფი ადამიანები ჩაანაცვლებენ და უმრავლესობის წევრების რიცხვი 92-მდე გაიზრდება. 

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. თუმცა, დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვინც 2020-ის პროპორციული წესით ჩატარებას ხელი შეუშალა, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი მოამზადა. 

ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, რომ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

კომენტარები