სასამართლო სისტემა

ბესელია ოპოზიციას სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით თანამშრომლობას სთავაზობს

ეკა ბესელია
ტაბულა

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია ოპოზიციას სთავაზობს, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში შეუერთდეს. ცვლილებები როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან გეგმებს მოიცავს.

კერძოდ: 

ეკა ბესელია ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლის 7 ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევის პროცესი შეჩერდეს და საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაჩეროს ის ნორმა, რომელიც გასაჩივრებული აქვს სახალხო დამცველს და რომლის საფუძველზეც ხდება უვადო მოსამართლეების დანიშვნა.

"ამით პარლამენტს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს" ხელი უნდა შეეშალოთ, რომ საზიანო, ცუდი, არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური პროცედურით არ მოხდეს ახალი კანდიდატების არჩევა", - თქვა ბესელიამ.

მისივე თქმით, მომდევნო კვირას პარლამენტს ახალ კანონპროექტს წარუდგენს, რომელიც ასახავს ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის, ევროკავშირის რეკომენდაციებს და რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ უნდა ჰქონდეს მოსამართლეობის კანდიდატების სიის დაკომპლექტების შესაძლებლობა.

ბესელია ასევე მიმართავს პარლამენტს, კენჭი უყაროს რეზოლუციას კლანური მმართველობის შესახებ.

დეპუტატი ასევე ითხოვს, ჩატარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამოწვევის საკითხის კენჭისყრა.

ასევე: 

"ყველა ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობ დიალოგს ამ საკითხზე - წერილობით გაფორმდეს მემორანდუმი ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერთან, რომელიც ფიქრობს, რომ მისი პარტია იქნება წარმოდგენილი ახალ პარლამენტში - მემორანდუმით ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, რომ კონსტიტუციაში შევა ცვლილება და გაუქმდება მოსამართლეების უვადოდ არჩევა.

კითხვაზე, რა ვუყოთ იმათ, ვინც უკვე არჩეულია - კონსტიტუციით და კანონით მოხდება იმ მოსამართლეების სახლში გაშვება, ვინც ვერ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების და მიუკერძოებლობის რეპუტაციულ ტესტს.

გამოსავალი არის კონსტიტუციური ცვლილება, რომელზეც შეთანხმება ყველამ უნდა ავიღოთ არჩევნების წინ, იმისთვის, რომ ეს პირობა შესრულდეს", - თქვა ბესელიამ.

მისივე თქმით, ამის შემდეგ მოხდება ახალი, კარგი რეპუტაციის მქონე მოსამართლეების შეყვანა სისტემაში.

ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილის და საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 14 კანდიდატი გუშინ, 12 დეკემბერს მაინც დაამტკიცა. 

კომენტარები