რუსეთის ცენზურა

რუსეთში ვიკიპედიის დიდი რუსული ენციკლოპედიით ჩანაცვლებას აპირებენ

ვლადიმირ პუტინი

ნოემბრში კრემლის შეხვედრაზე პუტინმა თქვა, რომ ვიკიპედია უამრავი გადაუმოწმებელი ინფორმაციითაა სავსე. როგორც ჩანს, ამ პრობლემის გადასაწყვეტად რუსეთში ვიკიპედიის “დიდი რუსული ენციკლოპედიით” ჩანაცვლება მოიფიქრეს. “სანდო ინფორმაცია მაინც იქნება, კარგად, თანამედროვე ენაზე გადმოცემული” - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მთავრობის რეზოლუციაში კი წერია, რომ ეს ცვლილება “სანდო ინფორმაციის მუდმივ განახლებას უზრუნველყოფს მეცნიერულად გადამოწმებული წყაროების საფუძველზე.”

თუმცა როგორც მწერალი, ნიკოლაი პოდოსოკორსკი აღნიშნავს Christian Science Monitor- თან ინტერვიუში, ამ “ენციკლოპედიაში” ბევრი ზედაპირული და მიკერძოებული დეტალი აღმოაჩინა. 

“რამდენიმე სტატია ვნახე, რომლებიც ჩემს სფეროს განეკუთვნებიან და ყველა მათგანი საკმაოდ ზედაპირული მეჩვენა, ხოლო ბოლოს მითითებული წყაროები- ზედმეტად მიკერძოებული.”

არსებობს გონივრული შიშიც, რომ აღნიშნული ცვლილება რუსეთის მთავრობის ხელში ახალი ინსტრუმენტი იქნება მოქალქეების ინტერნეტზე წვდომის გასაკონტროლებლად, რაც უკვე კრემლის გრძელვადიანი გეგმაა. 2017 წელს რუსეთმა დააანონსა, რომ 2020 წლისთვის ინტერნეტის ტრეფიკის 95%-ს საკუთარ სერვერებზე გადაიტანას აპირებს. წლის დასაწყისში კი რუსეთმა ექსპერიმენტიც ჩაატარა და მოკლე დროით გამოეთიშა გლობალურ სერვერებს იმისთვის, რომ შეემოწმებინათ, რამდენად იფუნქციონირებდა ეროვნული თვითმკმარი ინტერნეტი. როგორც აღინიშნა, ტესტის ერთ-ერთი მიზანი კიბერ სისტემის გაძლიერებაც იყო პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში. 

არავის ეპარება ეჭვი, რომ რუსეთის ხელისუფლება ახალ-ახალ გზებს ეძებს ინტერნეტ სივრეში ცენზურის გასაძლიერებლად, მომხმარებლების გასაკონტროლებლად და გარე სამყაროსგან მომდიანარე არასასურველი ინფორმაციისგან თავის დასაცავად. მაგალითად, მარტში რუსეთში გამოიცა კანონი, რომელიც კრძალავს “არასანდო სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციისა” და ისეთი შინაარსის მასალის გამოქვეყნებას, რომელიც გამოხატავს “ცხად უპატივცემულობას” მთავრობის მიმართ. ამ კანონით უკვე ბევრი ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის რუსეთის პროვინციებში სკოლების სიმცირის შესახებ გადაღებული ვიდეოს გამოქვეყნების გამო. 

ალბათ, არ არის გასაკვირი, რატომ არ მოსწონს პუტინს ვიკიპედია, სადაც ახლაც შეგიძლიათ ნახოთ სტატიები შემდეგი სათაურებით: “ინტერნეტ ცენზურა რუსეთში”, “რუსეთში მოკლული ჟურნალისტების სია” და “პროპაგანდა რუსეთის ფედერაციაში.” პუტინის შესახებ ვიკიპედიის გვერდზე კი წერია, რომ მის წინააღმდეგ არსებობს ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან და მთავარი მეტოქეების წამებასა თუ მკვლელობებთან დაკავშირებით. ამ გვერდზე ასევე შეგიძლიათ ნახოთ სექცია სახელად “ჰიტლერთან შედარება”.

ვიკიპედიაზე ასევე არსებობს ინფორმაცია 2014 წელს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიიდან პრორუსი სეპარატისტების მიერ მალაიზიის თვითმფრინავის Flight 17- ის ჩამოგდების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ იმავე წელს ტვიტერის ბოტმა, რომელიც ვიკიპედიის შესწორებებს ადევნებს თვალ-ყურს, დააფიქსირა რუსეთის მთავრობასთან აფილირებული მომხმარებლის მიერ წინადადების იმგვარად შეცვლა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება უკრაინელებს ბრალდებოდათ. 

რუსეთში ცენზურისა და ინფორმაციის ყველა ხერხით კონტროლის ტრადიცია საკმაოდ ძველია, რაც სრულიად ლოგიკური და გასაგებია ხელისუფლების სათავეში მყოფი ერთი ან რამდენიმე ადამიანის ინტერესების გათვალისწინებით. როგორც ფილოსოფიის დოქტორი, ნიალ ფერგიუსონი ამბობს, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ვეღარ მოახერხებს საკუთარი მოქალაქეების მიერ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების კონტროლს, მას ტოტალიტარიზმის ძალიან ძლიერი ბერკეტი გამოეცლება ხელიდან.  

 

კომენტარები