ნიკა მელიას საქმე

კობახიძე: ნიკანორ მელია არის კრიმინალი

"თუ შემოვა პარლამენტში ეს საკითხი და შემოვა როგორც უკვე ვთქვი, ბუნებრივია, აუცილებლად დავუჭერ მხარს, იმიტომ, რომ კრიმინალების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის", - ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მელია "კრიმინალია" და მას "კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და ამ დანაშაულზე მიეცა ის პასუხისგებაში".

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში იმაზე მეტი კრიმინალია, ვიდრე ნიკა მელია, - "თუმცა, ამ შემთხვევაში არის კონკრეტული დანაშაული დაფიქსირებული სასამართლოს მიერ. შესაბამისად, აქ არის ცალსახა საფუძველი იმისთვის, რომ ნიკანორ მელიას შეუწყდეს უფლებამოსილება. ბუნებრივია კითხვის ნიშნები ვერ იქნება",- ამბობს კობახიძე.

კობახიძის შეფასებით, სანქცია, რომელიც მელიას სასამართლომ დააკისრა, შესაძლოა, უფრო მკაცრიც ყოფილიყო, ამიტომ, როგორც კობახიძე განმარტავს, საუბარი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ზედმეტია.

"საუბარია ჯარიმასა და თანამდებობის დატოვებაზე - ესაა სწორედ იმის დასტური, რომ არანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ აქვს. მან ჩაიდინა აბსოლუტურად ცხადი დანაშაული, მონაწილეობდა ადეიშვილთან ერთად "ქართუს" გაკოტრებაში. ეს არის იმდენად ბუნებრივი დანაშაული, რომ სანქციის ადეკვატურობაზე ლაპარაკი ზედმეტია", - ამბობს კობახიზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუს გაკოტრების" საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, გაამტყუნა და 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება, შესაბამისად, ნიკა მელიას დეპუტატის მანდატს შეუწყვეტენ.

კომენტარები