პროპორციული არჩევნები

კობახიძე: შეგვიძლია, ოპოზიციას ქუჩაში დარჩენა შევთავაზოთ

საქართველოს პარლამენტი

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ხელისუფლება ოპოზიციის შეთავაზებებს მოისმენს, ხოლო თავად მმართველ გუნდს არაფერი აქვს შესათავაზებელი, ქუჩაში დარჩენის გარდა.

"ჩვენ ანგარიშს ვუწევთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი, რომ შეხვედრა შემდგარიყო. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია. მზად ვართ, ეს ყველაფერი განვიხილოთ. ჩვენ არაფრის შეთავაზების ინტერესი არ გვაქვს, მათ უნდა შემოგვთავაზონ. ჩვენ შეგვიძლია მათ ქუჩაში დარჩენა შევთავაზოთ. ისინი ქუჩაში თუ დარჩებიან, ჩვენ ეს პოლიტიკურად უფრო მეტად გვაწყობს იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ისინი ყოველდღიურ რეგრესს განიცდიან. ამიტომ შეთავაზება მათ უნდა გააკეთონ", - თქვა კობახიძემ შეხვედრის დაწყებამდე.

სასტუმრო ბილტმორში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ისინი საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელს განიხილავენ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს.

შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც ესწრება.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი ე.წ. გერმანული მოდელის დათმობას არ აპირებენ და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ გაიზიარებს, პროცესები ისევ ისე გაგრძელდება, როგორც ამ დრომდე გრძელდებოდა.

თავის მხრივ, მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციას ხვდებიან, რათა კიდევ ერთხელ აუხსნიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული ე.წ გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

შეხვედრა ხელისუფლებამ ოპოზიციას მას შემდეგ შესთავაზა, რაც საპროტესტო აქციების, პიკეტირების ფონზე დასავლეთის ზეწოლა გაიზარდა.

ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება საერთო მოთხოვნის ირგვლივ მას შემდეგ გაერთიანდა, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

მოთხოვნებს შორის პირველი ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლაა.

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას, ნახეთ აქ.

კომენტარები