პროპორციული არჩევნები

ბოკერია: გერმანულ მოდელზე გადასვლა და პოლიტპატიმრები - ესაა შეხვედრის 2 მთავარი საკითხი

გიგა ბოკერია

სასტუმრო ბილტმორში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დაიწყო, რომელსაც დიპლომატიური კორპუსიც ესწრება. ევროპული საქართველოს დეპუტატის გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციას შეხვედრის უცნაური ფორმატი შესთავაზა, რადგან მოლაპარაკებებზე სამოქალაქო აქტივისტები არ მიიწვია.

"სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი, ვინც სათავეში ედგა ამ პროტესტს, ისინი არ დაპატიჟეს ჩვენი მიმართვის მიუხედავად. მაგრამ მას შემდეგ, რაც შეიცვალეს სალი კლდე პოზიცია, რომ საერთოდ არანაირ საუბარს არ აპირებდნენ პროპორციულ სისტემასა და გერმანულ მოდელზე, არანაირ საბაბს არ მივცემდით, ეთქვათ, რომ ოპოზიციამ ჩაშალა შეხვედრა. ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ ვართ" - ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი.

გიგა ბოკერიას თქმით, შეხვედრაზე ორ მთავარ საკითხს დააყენებენ - არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარება და გავრილოვის ღამის შემდეგ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება.

"არის ერთი მთავარი საკითხი, ეს არის დაპირების შესრულება, გერმანულ მოდელზე გადასვლა და აქ ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული წინადადება, არსებული კონსტიტუციის პირობებში როგორ უნდა მოხდეს ეს სწრაფად. მეორე, ეს არის გავრილოვის ღამის შემდეგ დაკავებული პოლიტპატიმრების საკითხი. ეს იქნება არსებითი ნაბიჯები განმუხტვისთვის, რაც არის ჩვენი ამიცანა. ჩვენი ამოცანა არ არის რადიკალური პროტესტი, ჩვენი ამოცანაა პროპორციულ, სამართლიან არჩევნებში ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება, აქეთკენ სვლას სჭირდება ეს ნაბიჯები" - ამბობს ბოკერია.

კითხვაზე, აქვს თუ არა იმედი, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს დათანხმდება, ევროპული საქართველოს დეპუტატი პასუხობს - "მე მაქვს ამოცანა, ჩვენ გვაქვს ამოცანა და ამ ამოცანისკენ ვივლით ყოველ დღე".

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გუშინ დაიგეგმა. ქართული ოცნება აცხადებს, რომ მათ სტრატეგიული პარტნიორების რჩევები გაითვალისწინეს. შეხვედრას ესწრება დიპლომატიური კორპუსი. ევროკავშირის ელჩის თქმით, მოლაპარაკებაზე ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც იქნებიან.

მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, შეშფოთება არაერთმა საელჩომ გამოთქვა. ევროკავშირის ელჩის თქმით, "პროპორციულის ჩაგდება დააზიანებს ნდობას პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის". მისი აზრით, "რეალურად, ეს იყო პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი". აშშ-ის საელჩოს განცხადებით, "ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი".

ამის მიუხედავად, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 27 ნოემბერს TV იმედის ეთერში თქვა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ უცხო ქვეყნების ელჩებს "არაერთჯერ" შეხვდა, თუმცა, "კითხვა არ აქვს არავის, ვერავინ ვერ კითხულობს იმას, რომ ჩვენ დემოკრატიული ჩარჩოები დავარღვიეთ და რამე ისეთი გავაკეთეთ".

კომენტარები