ჩინეთი

თინეიჯერმა ჩინურ App-ში ვიდეოში სინძიანის ბანაკებზე ისაუბრა, მას ანგარიში დაუბლოკეს

მუსლიმმა ამერიკელმა თინეიჯერმა ფეროზა აზიზმა ჩინურ აპლიკაციაში TikTok ატვირთა ვიდეო, სადაც თავდაპირველად ის თავის მოვლაზე იწყევს საუბარს, ხოლო შემდეგ მოულოდნელად ცვლის თემას და საუბარს ჩინეთში არსებულ საკონცენტრაციო ბანაკებზე აგრძელებს. ჩინეთში აკრძალულია მსგავსი სახის ინფორმაციის ინტერნეტში გავრცელება, ჩინეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოადგენა არ აქვს, რომ მილიონზე მეტ მუსლიმ უიღურებს საკონცენტრაციო ბანაკებში აწამებენ.

"გამარჯობა, მე გასწავლით, როგორ უნდა დაიყენოთ გრძელი წამწამები... ახლა კი აიღეთ თქვენი მობილური, რასაც ახლა იყენებთ და მოძებნეთ, თუ რა ხდება ჩინეთის საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც უდანაშაულო მუსლიმებს ათავსებენ, ოჯახის წევრებს აცალკევებენ, იტაცებენ, კლავენ, აუპატიურებენ მათ, ღორის ხორცის ჭამას აიძულებენ... ეს კიდევ ერთი ჰოლოკოსტია, თუმცა ამაზე არავინ საუბრობს."

TikTok-მა მისი ანგარიში დაბლოკა. კომპანიის განმარტებით, TikTok არ ემხრობა პოლიტიკური შინაარსის ვიდეოების გავრცელებას. ანგარში, სადაც აზიზმა ჩინეთზე ვიდეო გაავრცელა კი იმიტომ დაუბლოკეს, რომ მან მის წინა ანგარიშზე დაპოსტა ვიდეო, სადაც ტერორისტ ოსამა ბინ ლადენზე, მისი თქმით, შავი იუმორით იხუმრა და მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ბინ ლადენის სურათი გამოიყენა. TikTok-ის სპიკერის თქმით, აზიზმა ტერორიზმთან დაკავშირებული მასალის გავრცელების გამო TikTok-ის წესები დაარღვია.

თინეიჯერის თქმით, ანგარიშის აკრძალვა ჩინეთის შესახებ გავრცელებულ მასალას უკავშირდება.

15-17 ნოემბერს მან სამი ვიდეო დაპოსტა, სადაც ჩინეთის საკონცენტრაციო ბანაკებზე საუბრობდა. პირველ ვიდეოს 1.4 მილიონმა ადამიანმა ნახა და ნახევარმა მილიონმა მოიწონა. მოგვიანებით ვიდეო Twitter-ზეც ატვირთეს, სადაც უკვე 5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

აზიზის თქმით, მან საუბარი თავის მოვლაზე იმიტომ დაიწყო, რომ TikTok-ს ვიდეო არ ეპოვნა და არ აეკრძალა - "ასე შეგვიძლია მსოფლიოში მილიონობით ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, რათა მათ ძალაუფლების სათავეში მყოფებს ამ პრობლემის შესახებ რაღაცის გაკეთება მოსთხოვონ".

აზიზის თქმით, ჩინეთს ეშინია საკონცენტრაციო ბანაკებზე ინფორმაციის გავრცელების.

მსოფლიოში პოპულარული აპლიკაცია TikTok ჩინურმა კომპანიამ ByteDance-მ შექმნა საზღვარგარეთის ქვეყნების ბაზრებისთვის. TikTok არის ჩინური აპლიკაციის Douyin-ის ანალოგი. ეს ერთი და იგივე აპლიკაციაა, რომლებიც სხვადასხვა სერვერებზეა განთავსებული, რათა აპლიკაციის ჩინური ვერსია ჩინეთის რეგულაციებს შეესაბამოს.

გასულ თვეებში ამერიკაში შეშფოთება გამოთქვეს იმის შესახებ, რომ TikTok პეკინისადმი კრიტიკულ ვიდეოებს ცენზურას ადებს და მომხმარებლების ინფორმაციას ჩინელ მაღალჩინოსნებს უზიარებს. ამერიკაში აპლიკაციის აკრძალვას განიხილავენ.

უიღურები ჩინეთის სინძიანის ავტონომიურ რეგიონში მოსახლეობის 45%-ს შეადგენენ. ისინი ეთნიკურად ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან და ძრითადად მუსლიმები არიან.

გასულ წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. საკანონმდებლო შესწორების მიხედვით ცენტრებში მანდარინი უნდა ისწვლებოდეს და ხელობის სწავლის გარდა "იდეოლოგიური განათლება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ქცევის გამოსწორებაც" უნდა ხდებოდეს.

ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის.

ადამიანები, რომელთაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ მათ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბრობენ. მათი თქმით დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

სინძიანში ჩინეთის ქმედებები დაგმეს აშშ-მა, თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა, თუმცა ზოგიერთი მუსლიმური ქვეყანა, რომელიც ჩინეთთან ბიზნესს აწარმოებს მკაცრი კრიტიკისაგან თავს იკავებს, მათ შორის, პაკისტანი, კატარი, სირია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.

აშშ-მა ჩინეთის სინძიანის პროვინციაში უიღურების უფლებების დარღვევაში მონაწილეობის გამო 28 ჩინურ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებულ სიტუაციას აღწერს.

მიმდინარე თვეს New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

კომენტარები