პროპორციული არჩევნები

მენაბდე: გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვერსია სრულებით შეესაბამება კონსტიტუციას

ვახუშტი მენაბდე
ტაბულა

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის თქმით, "საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვერსია სრულებით შეესაბამება კონსტიტუციას". საქართველოს რეალობაზე მორგებული მოდელი ოპოზიციამ შეიმუშავა. მენაბდის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია უბრალოდ ადგენს, რამდენი პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი უნდა იყოს პარლამენტში და გერმანული მოდელი ამ თვალსაზრისით პრობლემას არ ქმნის.

"1. თავიდან მოდი, გავარკვიოთ, რა განსხვავებაა პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის.

ეს მიღებული ხმების მანდატებში გარდასახვის ორი დიამეტრალურად განსხვავებული პრინციპია. შეცდომით მიიჩნევენ, რომ პირველ შემთხვევაში ხმას პატიას აძლევ და მეორე შენთხვევაში კანდიდატს - არადა, არსებობს მაჟორიტარული სისტემები სადაც პარტიას აძლევ ხმას და პროპორციული სადაც კანდიდატს. სინამდვილეში პროპორციულ სისტემაში მანდატები მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდება, ხოლო მაჟორიტარულში უმრავლესობის პრინციპით. მაჟორიტარიზმის ფორმულაა: "გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი".

2. ახლა ვნახოთ, რას ამბობს უზენაესი კანონი.

ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტი შედგება "პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 წევრისგან".

3. გადავიდეთ იმის შეფასებაზე, რასაც გვთავაზობენ.

დღეს პარტიის მიერ მაჟორიტარული და პროპორციული სისტემებით მოპოვებული მანდატები მექანიკურად ჯამდება. გერმანული მოდელის მიხედვით კი, პროპორციული სისტემით დეპუტატების გაყვანა დამოკიდებულია მაჟორიტარული წესით პარტიის მიერ მიღებული მანდატების წილზე პარლამენტში. თუმცა საბოლოოდ კონსტიტუციით განსაზღვრული პროპორცია ხელუხლებელი რჩება: ის დაკომპლექტებულია 73 მაჟორიტარისა და 77 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატისგან.

4. შეგვიძლია შევაჯამოთ:

ახლა პროპორცია ითვლება 77-დან, ხოლო გერმანული მოდელის - 150-დან. ეს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, რადგან კონსტიტუცია არ განსაზღვრავს, საიდან უნდა დაითვალოს პროპორცია. ის უბრალოდ ადგენს, რამდენი პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი უნდა იყოს პარლამენტში და გერმანული მოდელი ამ თვალსაზრისით პრობლემას არ ქმნის - 73 აირჩევა უმრავლესობის პრინციპით, 77 პროპორციულობის" - განმარტავს მენაბდე.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პირობა დაარღვია და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, მასშტაბური აქციები დაიწყო მოთხოვნით - დროებითმა მთავრობამ ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით. პარალელურად, ოპოზიციამ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება გერმანულ საარჩევნო სისტემას და ითვალისწინებს ქართულ რეალობას.

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები