გურამ მაჭარაშვილი

"გაბედეს" წევრებმა დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის პრესკონფერენცია ჩაშალეს

პირველი არხი

მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა გურამ მაჭარაშვილს პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

გურამ მაჭარაშვილი ერთ-ერთია, ვინც მხარი არ დაუჭირა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტს.

დეპუტატს პრესკონფერენცია პრესკლუბ "მთავარში" უნდა ჩაეტარებინა, თუმცა, "გაბედეს" წევრებმა ის ჩაშალეს სკანდირებით "მონა". აქტივისტები მაჭარაშვილს თავისი გადაწყვეტილების გამო სთხოვდნენ პასუხს.

კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა, მათ დატოვეს საპარლამენტო თანამდებობებიც. მათი ადგილები კი იმ დეპუტატებმა დაიკავეს, რომლებმაც საარჩევნო სისტემის რეფორმას მხარი არ დაუჭირეს. მათ შორის არის გურამ მაჭარაშვილიც, ის ​საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება.

"ეს ადამიანი დააწინაურეს ღალატისთვის, ქართველი ხალხის მოტყუებისთვის, ეს ადამიანი გახდა კომიტეტის თავმჯდომარე. ეს იყო ინიციატორი იმისა, რომ პროპორციული არჩევნები ჩავარდა, ეს არის სამარცხვინო, ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი. მოვუვარდით ამ მაჟორიტარს და მივუვარდებით ყველა მაჟორიტარს, არ მივცემთ საშუალებას, რომ ასე თავისუფლად არ იარონ და არ ატყუონ ხალხი“, – თქვა ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ბექა ნათელაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილმა შენობა პოლიციის დახმარებით დატოვა.

ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო კანონის პროექტი, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება უნდა განსაზღვრულიყო, ჩააგდო. ამით მმართველმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრილოვის ღამის შემდეგ, 24 ივნისს გაცემული პირობა არ შეასრულა.

კომენტარები