25 ნოემბრის აქციის დაშლა

მოქალაქე, რომელსაც აქციის დაშლისას თვალი დაუზიანდა, პარლამენტთან დაბრუნდა

ტაბულა

პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის დაშლისას დაზარალებული მოქალაქე, ზაზა ლიპარტია, რომელსაც წყლის ჭავლმა თვალი დაუზიანა, პარლამენტთან აქციაზე დაბრუნდა.

"იმდენად მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის, მეგონა "დუბინკა" [ხელკეტი] ჩამარტყეს, მერე გავიგე რომ წყლის ჭავლი იყო", - ამბობს ზაზა ლიპარტია ჟურნალისტებთან საუბარში.

დაზარალებულს სახის ძვლები აქვს მოტეხილი. 


ფოტო: ტაბულა
ოფიციალური ინფორმაცით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა მთავარი არხის ჟურნალისტი. აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი.

ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ. ახლა ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

კომენტარები