25 ნოემბრის აქციის დაშლა

კალაძე: პარლამენტის ბლოკირება არის დანაშაული და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა

instagram.com/kakhakaladze/

ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის, თქმით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება დანაშაულია და კანონის ფარგლებს ცდება. ხელისუფლების მხრიდან კი, როგორც კალაძე განმარტავს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

თბილისის მერის შეფასებით, კანონდარღვევაა ისიც, თუ ხალხის რაოდენობა არასაკმარისია და გზა მაინცაა გადაკეტილი.

კახა კალაძემ აქციის დაშლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანამ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს დაშლიდა, მათ გაფრთხილება მიიღეს და მიეცათ გარკვეული დრო, რომ "გაეტანათ ის ნივთები".

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ. ახლა ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

კომენტარები