25 ნოემბრის აქციის დაშლა

გია ვოლსკი: ეს პროცესები სასიამოვნო არაა, მაგრამ პარლამენტმა მუშაობა უნდა გააგრძელოს

ტაბულა

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, პარლამენტთან მიმდინარე პროცესები არ არის სასიამოვნო, მაგრამ "პარლამენტმა უნდა გააგრძელოს მუშაობა". ამის შესახებ მედიას ვოლსკიმ პარლამენტში შესვლამდე განუცხადა.

ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ. ახლა ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

აქტივისტებმა და ოპოზიციამ პიკეტირება ერთი კვირის წინაც მოაწყვეს - 17 ნოემბრის ღამით მათ ბოქლომები დაადეს პარლამენტს, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ პიკეტი სპეცრაზმის გამოყენებით მოხსნა და 37 ადამიანი დააკავა. მათ დიდ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ქართულმა ოცნებამ 14 ნოემბერს ჩააგდო საკონსტიტუციო კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. ამით მმართველმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც მან ანტირუსული მშვიდობიანი აქციის ძალადობრივად დაშლის და ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების შემდეგ გასცა.

კომენტარები