25 ნოემბრის აქციის დაშლა

აქციის დაშლისას ერთმა პირმა თვალის არეში დაზიანებები მიიღო

მთავარი არხი

პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის დაშლისას ერთერთ მონაწილეს, ზაზა ლიპარტიას თვალი დაუზიანდა. მოქალაქემ თვალის არეში დაზიანებები წყლის ჭავლის შედეგად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ექიმის ცნობით, დაზარალებულს სახის ძვლები აქვს მოტეხილი. მას ამ დროისთვის საოპერაციოდ ამზადებენ.

"როდესაც ჭავლის მეშვეობით დაიწყეს დაშლა მას სახის არეში მოხვდა ჭავლი, მარცენა თვალი დაუზიანდა. იქვე თვალი გადმოვარდა, ფაქტობრივად, თავისი ხელით ჩაისვა. სახის კანი აქვს დაზიანებული მთლიანად მარცხენა მხარეს", - ამბობს თვითმხილველი მთავარი არხის ეთერში.

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაცით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა მთავარი არხის ჟურნალისტი. აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი.

ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ. ახლა ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

კომენტარები