25 ნოემბრის აქციის დაშლა

პარლამენტთან აქციის დაშლისას მთავარი არხის ჟურნალისტი დაშავდა

მთავარი არხი

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დაშლისას მთავარი არხის ჟურნალისტი, ვასილ დაბრუნდაშვილი დაშავდა.

ვასილ დაბრუნდაშვილი მთავარი არხის ეთერში იხსენებს და ყვება, რომ აქციის დაშლისას დაეცა, რის შედეგადაც ხელი დაუზიანდა.

მთავარი არხის ცნობით, აქციის ერთ-ერთი მონაწილეს, ზაზა ლიპარტია სახის ძვლის მოტეხილობებითაა საავადმყოფოში გადაყვანილი და მას ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. მათივე ინფორმაციით, აქციის მონაწილემ მოტეხილობები წყლის ჭავლის გაშვების შედეგად მიიღო.

ოფიციალური ინფორმაცით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. ხოლო, აქციაზე 28 ადამიანი დააკავეს.

ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ. ახლა ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

კომენტარები