ლელოს თანადამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ დღევანდელი განცხადებით, განმუხტვის ნაცვლად სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა.
მისივე თქმით, ერთადერთი გონივრული გამოსავალი მომავალი არჩევნების გერმანული საარჩევნო მოდელით ჩატარებაა.
"დღეს მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ მოხსნა არაადეკვატურობის და ცინიზმის ყველა რეკორდი. ნათელია, რომ ქართული ოცნების მიზანია ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის რადიკალიზაცია და მეორე ნაწილის სრულ ნიჰილიზმში ჩაგდება. ამასთანავე, ხელოვნურად დაძაბულობის და არასტაბილურობის კერების შექმნა. ფაქტია, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ,,ქართული ოცნება’’ მზად არის, დაუპირისპირდეს საკუთარ მოსახლეობას და გაწიროს ქვეყანა არეულობისთვის.
არჩევნების გერმანული მოდელის ჩატარების მოთხოვნით „ლელო“ აგრძელებს მონაწილეობას საზოგადოების სამართლიან პროტესტში’’ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე.
ცნობისთვის, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ თემა დახურულია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ჩატარდება. მისივე თქმით, ხალხი საერთო სახალხო გამოკითხვით, ანუ პლებისციტით გადაწყვეტს, როგორ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და ეს გამოკითხვა 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდება.
მისი ეს განცხადება ნიშნავს, რომ შესაძლოა კონსტიტუციაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ჩანაწერი შეიცვალოს. ქვეყნის მთავარი დოკუმენტის 2017 წლის რედაქციით, ქვეყანა 2024 წლიდან არჩევნების პროპორციულ წესზე გადადის.
.......
14 ნოემბერს, ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულებამ და იმ კანონპროექტის ჩაგდებამ, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, ერთი მხრივ, საპროტესტო აქციები განაახლა, ხოლო მეორე მხრივ კი, სრულად ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა, რომლებიც საერთო მოთხოვნებზე შეთანხმდნენ: - ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელით, რომელსაც დროებითი, ტექნიკური მთავრობა ჩაატარებს.





