პროპორციული საარჩევნო სისტემა

უგულავა: "ოცნებამ" საზოგადოებას უთხრა, რომ აპირებენ მიიტაცონ არჩევნები

გიგი უგულავა
ტაბულა

"ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას უთხრა, რომ ისინი არაფრის დათმობას აპირებენ, მეტიც, აპირებენ მიიტაცონ არჩევნები. აპირებენ, მიტაცებული არჩევნებით მთელი ცხოვრება მართონ ქვეყანა", - ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ტვ პირველის ეთერში.

უგულავას თქმით, ქართულმა ოცნებამ საზოგადოება თავიდანვე გააფრთხილა, რომ ისინი ხელისუფლებაში მანამდე დარჩებოდნენ, სანამ მათი მოსაწონი ოპოზიცია არ გამოჩნდებოდა.

"მე მინდა შევახსენო მათ, რომ ოპოზიცია, ისევე როგორც ხელისუფლება, ხალხს უნდა მოსწონდეს და არა ივანიშვილს", - ამბობს უგულავა.

ცნობისთვის, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ჩატარდება. მისივე თქმით, ხალხო საერთო სახალხო გამოკითხვით, ანუ პლებისციტით გადაწყვეტს, როგორ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და ეს გამოკითხვა 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდება.

მისი ეს განცხადება ნიშნავს, რომ შესაძლოა კონსტიტუციაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ჩანაწერი შეიცვალოს. ქვეყნის მთავარი დოკუმენტის 2017 წლის რედაქციით, ქვეყანა 2024 წლიდან არჩევნების პროპორციულ წესზე გადადის.

.......

14 ნოემბერს, ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულებამ და იმ კანონპროექტის ჩაგდებამ, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, ერთი მხრივ, საპროტესტო აქციები განაახლა, ხოლო მეორე მხრივ კი, სრულად ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა, რომლებიც საერთო მოთხოვნებზე შეთანხმდნენ: - ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელით, რომელსაც დროებითი, ტექნიკური მთავრობა ჩაატარებს.

კომენტარები