პროპორციული საარჩევნო სისტემა

უგულავა: შერეული მოდელით ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდება, ჩავშლით

ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ თქვა, რომ შერეული მოდელით ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდება. უგულავა ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კალაძემ თქვა, რომ "თემა დახურულია" და მმართველი გუნდი არჩევნების სისტემის ცვლილებას აღარ განიხილავს. 

უგულავა ამბობს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის "მორიგი აფერისტობაა"და ქართული ოცნება მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს, რასაც მისი თქმით, ქართველი ხალხი არ აპატიებს. 

"თუ შერეულ მოდელს ტოვებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი ქვეყანას უმზადებს ჯოჯოხეთს. პასუხისმგებელი იქნება ის, იმიტომ რომ არავინ აპატიებს ქვეყნის აბუჩად აგდებას. მოსახლეობის დამცირებას, მოქალაქეების მოტყუებას... ამ ვითარების ბოლო იქნება ის რომ შერეული სისტემით არჩევნები ჩაიშლება და შემდეგ უკვე კონსტიტუციის ფარგლებში, ჩარჩოში ვბრუნდებით და შესაბამისად 45 დღეში, რიგგარეშე პროპორციული, სამართლიანი არჩევნები ჩატარდება"- თქვა უგულავამ მთავარის ეთერში.

ცნობისთვის, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ჩატარდება. მისივე თქმით, ხალხო საერთო სახალხო გამოკითხვით, ანუ პლებისციტით გადაწყვეტს, როგორ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და ეს გამოკითხვა 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდება.

მისი ეს განცხადება ნიშნავს, რომ შესაძლოა კონსტიტუციაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ჩანაწერი შეიცვალოს. ქვეყნის მთავარი დოკუმენტის 2017 წლის რედაქციით, ქვეყანა 2024 წლიდან არჩევნების პროპორციულ წესზე გადადის.

.......

14 ნოემბერს, ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულებამ და იმ კანონპროექტის ჩაგდებამ, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, ერთი მხრივ, საპროტესტო აქციები განაახლა, ხოლო მეორე მხრივ კი, სრულად ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა, რომლებიც საერთო მოთხოვნებზე შეთანხმდნენ: - ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელით, რომელსაც დროებითი, ტექნიკური მთავრობა ჩაატარებს. 

კომენტარები