ოპოზიციის შეხვედრა

ბაქრაძე: ხელისუფლებამ საკუთარი ტყუილით შექმნა კრიზისი და გამოსავალსაც არ გვთავაზობს

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, საპროტესტო აქციები არ შეჩერდება. ბაქრაძე ლეიბორისტული პარტიის ოფისში მივიდა, სადაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას მართავენ. 

როგორც ბაქრაძე ტვ. პირველთან საუბარში ამბობს, შეხვედრის ერთერთი მთავარი საკითხი, აქციების საორგანიზაციო დეტალები იქნება. 

"მომავალი კვირის განმავლობაში საზოგადოება იხილავს დიდ აქციებსაც, იხილავს მცირე აქციებსაც სხვადასხვა ჯგუფების. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ პროტესტი არ შეჩერდება"- ამბობს ბაქრაძე. 

მისივე თქმით, შეხვედრის მეორე თემა გერმანული საარჩევნო მოდელი იქნება და დეტალები საბოლოოდ შეჯერდება. ბაქრაძე ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს ოპოზიცია ხელისუფლებას სწორედ გერმანული მოდელით სთავაზობს, რომელიც კონსტიტუციას სრულად შეესაბამება. 

"ვინაიდან ჩვენ გვყავს არაადეკვატური და უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი ტყუილით შექმნა კრიზისი და დღეს არანაირი გამოსავალს არ გვთავაზობს ამ კრიზისიდან და ჰგონია, რომ პოლიციის და სპეცრაზმის მობილიზებით ეს კრიზისი დამთავრდება და გაიწოვება. ასე ვერ მოხდება. ამიტომ, გამოსავალს ვთავაზობთ ისევ ჩვენ, ოპოზიცია. გამოსავალი არის მოდიფიცირებული გერმანული მოდელი"- აღნიშნავს ბაქრაძე. 

სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია 25 ნოემბერს, 19:00 საათზე აქციას გამართავს, რის შემდეგაც, პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. აქტივისტები სამშაბათის პლენარული სხდომის ჩაშლას აპირებენ. 

......

ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულებამ და იმ კანონპროექტის ჩაგდებამ, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, ერთი მხრივ, საპროტესტო აქციები განაახლა, ხოლო მეორე მხრივ კი, სრულად ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა, რომლებიც საერთო მოთხოვნებზე შეთანხმდნენ: - ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელით, რომელსაც დროებითი, ტექნიკური მთავრობა ჩაატარებს. 

მოთხოვნებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები