თავისუფლების ინსტიტუტი

რამიშვილი: რეიგანის ნათქვამმა სიტყვებმა თავისუფლების ინსტიტუტის დაფუძნების სტიმული მოგვცა

ტაბულა

დღეს, 23 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ კარავში თავისუფლების ინსტიტუტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია ორგანიზაციის ერთერთმა დამფუძნებელმა ლევან რამიშვილმა გახსნა:

"55 წლის წინ სადღაც სხვაგან ითქვა სიტყვები, რომლის გარკვეული დამსახურებაცაა, რომ სამი ათეული წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლება დაიბრუნა და ჩვენ ამ ორგანიზაციის დაფუძნების სტიმული მოგვცა. ეს სიტყვები ასეთია - თავისუფლება მუდამ საფრთხის წინაშეა და შეიძლება ერთ თაობაში განადგურდეს. თავისუფლება ჩვენ გენებით არ გადმოგვეცემა, ეს ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ და შემდეგ ახალ თაობას გადავცეთ, რათა ამ თაობამაც იგივე გაიმეოროს. ეს სიტყვები ამერიკის პრეზიდენტს, რონალდ რეიგანს ეკუთვნის და გარკვეულწილად, შეიძლება, ნიშანდობლივიც იყოს, განსაკუთრებით ჩვენთვის. ჩვენ თაობას, როდესაც 90-იან წლებში ამ ორგანიზაციას ვქმნიდით, ჰქონდა თავისი ბრძოლები - ზოგი მოვიგეთ, ზოგი იმ შედეგით არ დასრულდა, რომელიც გვინდოდა. ახალ თაობას ახალი ბრძოლები ექნება, მაგრამ ალბათ ჩვენი გამოცდილებიდან რაღაც ნაწილი ამ ბრძოლაში გამოსადეგი იქნება".

თავისუფლების ინსტიტუტის გუნდის განცხადების მიხედვით, მათი გეგმა ქვეყნის მთავარ პრობლემებზე საუბარსა და გამოსავლის შემუშავების პროცესში ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას და მეორეს მხრივ, საერთო კონსენსუსით მიღებული ინიციატივების ირგვლივ პარტიებთან თანამშრომლობას მოიცავს.

ორგანიზაციის მთავარი მიმართულებები ექნება – ეკონომიკური პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა და მართლმსაჯულება.

თავისუფლების ინსტიტუტის პრეზენტაციის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები