ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აშშ-ში

ლუკ კოფი: თუ საქართველოს სურს დასავლეთში პოზიტიურად აღიქვამდნენ, მოდელად უნდა დარჩეს

ლუკ კოფი
Anadolu Agency

ირაკლი ღარიბაშვილთან ვაშინგტონში დღეს გამართული შეხვედრა უილიამ კორტნის მსგავსად, The Heritage Foundation-ის მკვლევარმა ლუკ კოფიმაც შეაფასა.

ლუკ კოფი შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამს გამოეხმაურა, სადაც მან აშშ-ს, ევროპასა და საქართველოში არსებულ პრობლემებს შორის პარალელი გაავლო.

"შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს უფრო ძლიერი ინსტიტუტები აქვთ და ეს არ ამართლებს საქართველოს მთავრობის მიერ [პროპორციული არჩევნების ჩატარების] დაპირების უკან წაღებას. ახლა ამის დრო არაა. თუ საქართველოს უნდა, რომ დასავლეთში პოზიტიურად აღიქვამდნენ, ამისთვის მოდელად უნდა დარჩეს, განსაკუთრებით იმიტომ რომ დასავლეთის ყურადღება გაფანტულია. თუ საქართველო ამ გზიდან გადაუხვევს, რთული იქნება საქართველოს მეგობრებისთვის, საქართველოზე ვაშინგტონის და ბრიუსელის ყურადღების ფოკუსი შეინარჩუნონ", - უთხრა ლუკ კოფიმ "ამერიკის ხმას".

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და მკვლევრებთან გამართა, ამ შეხვედრას დაესწრო ლუკ კოფიც.

კომენტარები