ჯულიან ასანჟი

შვედეთმა ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების საქმეზე მიმდინარე გამოძიება შეწყვიტა

ჯულიან ასანჟი
Reuters

შვედეთმა WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების საქმეზე მიმდინარე გამოძიება შეწყვიტა.

გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების გადახედვის შემდეგ მიიღეს. მთავარი პროკურორის მოადგილის თქმით მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის ჩვენება სანდოდ მიიჩნიეს, შემთხვევიდან ათი წელია გასული და თვითმხილველის მეხსიერებაში ზოგიერთი დეტალი ბუნდოვანია.

"წინასწარი გამოძიების განმავლობაში გამოჩნდა, რომ მტკიცებულება ბრალის წასაყენებლად საკმარისი არაა." თქვა მან.

მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილების გასაჩივრება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ასანჟი ბრალდებას, რომელიც 2010 წელს წაუყენეს ამ დრომდე უარყოფს.

შვედეთის გადაწყვეტილება მოხსნის ბრიტანეთის სასამართლოს წინაშე არსებულ დილემას ასანჟის ექსტრადიციის თაობაზე, ვინაიდან ამ დრომდე მის ექსტრადიციას აშშ და შვედეთი ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ასანჟი ეკვადორის საელჩოში მაისში დააკავეს. მას გირაოს პირობების დარღვევის გამო დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აშშ-მა მას 18 ბრალი აქვს წარდგენილი, მათ შორის არის საიდუმლო წყაროების სახელების მისაღებად შეთქმულება და მათი უკანონოდ გამოქვეყნება. საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნება აშშ-ის ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევაა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ასანჟი მუდმივად უბიძგებდა მის წყაროებს, რომლებსაც გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა, მოეპარათ ეს ინფორმაცია და WikiLeaks-ისთვის მიეწოდებინათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ყოფილი სამხედრო ჩელსი მენინგი დაითანხმა, მას სამხედრო კომპიუტერების პაროლების გატეხვაში ეხმარებოდა.

ასანჟი ამბობდა, რომ აშშ-ში ექსტრადირების შემთხვევაში მას WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ.

ეკვადორის პრეზიდენტის, ლენინ მორენოს თქმით ბრიტანეთმა მას გარანტია მისცა, რომ ასანჟის ექსტრადიცია არ მოხდება იმ ქვეყანაში, სადაც მას სიკვდილით დასჯა დაემუქრება.

წაყენებული ბრალდებების ნაწილი დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები