ჯულიან ასანჟი

ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ასანჟის აშშ-ში ექსტრადაციაზე აპელაცია არ დააკმაყოფილა

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის მოთხოვნა აშშ-ში ექსტრადაციის გადაწყვეტილების გადახედვის შესახებ არ დააკმაყოფილა.

ასანჟის ადვოკატების თქმით, თუ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, პრიტი პატელი ასანჟის ექსტრადაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ასანჟი საბოლოო სააპელაციო პროცესს წამოიწყებს.

მათივე ცნობით, აშშ-ში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ასანჟის 175 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა, როგორც BBC წერს, აშშ-ის მთავრობამ უმაღლეს სასამართლოს განუცხადა, რომ სავარაუდოა, მას 4-დან 6-წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ და აშშ მის ავსტრალიის ციხეში გაგზავნასაც განიხილავს.

ავსტრალიელი აქტივისტი, ასანჟი ეკვადორის საელჩოში 2019 წლის მაისში დააკავეს. მას გირაოს პირობების დარღვევის გამო დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აშშ-ში მას 18 ბრალი აქვს წარდგენილი, მათ შორის არის საიდუმლო წყაროების სახელების მისაღებად შეთქმულება და მათი უკანონოდ გამოქვეყნება. საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნება აშშ-ის ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევაა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ასანჟი მუდმივად უბიძგებდა მის წყაროებს, რომლებსაც გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა, მოეპარათ ეს ინფორმაცია და WikiLeaks-ისთვის მიეწოდებინათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ყოფილი სამხედრო ჩელსი მენინგი დაითანხმა, მას სამხედრო კომპიუტერების პაროლების გატეხვაში ეხმარებოდა.

ასანჟი ამბობდა, რომ აშშ-ში ექსტრადირების შემთხვევაში მას WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ.

კომენტარები