ჯულიან ასანჟი

სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირება შესაძლებელია

დიდი ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, WikiLeaks-ის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირება შესაძლებელია.

2021 წლის იანვარში სასამართლომ ასანჟის ექსტრადიციაზე აშშ-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ დაასკვნა, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობდა რეალური საფრთხე, რომ ასანჟი თავს მოიკლავდა. ეს გადაწყვეტილება აშშ-მ გაასაჩივრა.

როგორც BBC-ი წერს, ამერიკულმა მხარემ მოსამართლეები დაარწმუნა, რომ თვითმკვლელობის რისკს შეამცირებენ. უფროსი მოსამართლის თქმით, იანვარში უმცროსი მოსამართლის გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ექსტრადირების შემთხვევაში ასანჟი მკაცრ ციხის პირობებში აღმოჩნდებოდა. თუმცა აშშ-ს წარმომადგენლებმა სასამართლოს მისცეს გარანტიები, რომ ასანჟი მკაცრ პირობებში არ აღმოჩნდებოდა.

"ჩვენი შეფასებით რისკი აღმოფხვრილია იმ გარანტიებით, რომლებიც მოგვცეს" - თქვა მოსამართლე ბარნეტმა.

ჯულიან ასანჟის საცოლის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ასანჟი ეკვადორის საელჩოში 2019 წლის მაისში დააკავეს. მას გირაოს პირობების დარღვევის გამო დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აშშ-ში მას 18 ბრალი აქვს წარდგენილი, მათ შორის არის საიდუმლო წყაროების სახელების მისაღებად შეთქმულება და მათი უკანონოდ გამოქვეყნება. საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნება აშშ-ის ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევაა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ასანჟი მუდმივად უბიძგებდა მის წყაროებს, რომლებსაც გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა, მოეპარათ ეს ინფორმაცია და WikiLeaks-ისთვის მიეწოდებინათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ყოფილი სამხედრო ჩელსი მენინგი დაითანხმა, მას სამხედრო კომპიუტერების პაროლების გატეხვაში ეხმარებოდა.

ასანჟი ამბობდა, რომ აშშ-ში ექსტრადირების შემთხვევაში მას WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ.

წაყენებული ბრალდებების ნაწილი დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
 

კომენტარები