ჯულიან ასანჟი

ბრიტანეთის შს მინისტრმა ასანჟის ექსტრედაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება დაამტკიცა

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრიტი პატელმა WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადაციის შესახებ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება დაამტკიცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ასანჟს გადაწყვეტილების აპელაციისთვის 14 დღე აქვს. როგორც ასანჟის ადვოკატები, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გადახედვაზე უარის თქმის შემდეგ ამბობდნენ, ისინი საბოლოო აპელაციის პროცესს წამოიწყებენ.

მათივე ცნობით, აშშ-ში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ასანჟის 175 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა, როგორც BBC წერს, აშშ-ის მთავრობამ უმაღლეს სასამართლოს განუცხადა, რომ სავარაუდოა, მას 4-დან 6-წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ და აშშ მის ავსტრალიის ციხეში გაგზავნასაც განიხილავს.


ავსტრალიელი აქტივისტი, ასანჟი ეკვადორის საელჩოში 2019 წლის მაისში დააკავეს. მას გირაოს პირობების დარღვევის გამო დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აშშ-ში მას 18 ბრალი აქვს წარდგენილი, მათ შორის არის საიდუმლო წყაროების სახელების მისაღებად შეთქმულება და მათი უკანონოდ გამოქვეყნება. საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნება აშშ-ის ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევაა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ასანჟი მუდმივად უბიძგებდა მის წყაროებს, რომლებსაც გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა, მოეპარათ ეს ინფორმაცია და WikiLeaks-ისთვის მიეწოდებინათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ყოფილი სამხედრო ჩელსი მენინგი დაითანხმა, მას სამხედრო კომპიუტერების პაროლების გატეხვაში ეხმარებოდა.

ასანჟი ამბობდა, რომ აშშ-ში ექსტრადირების შემთხვევაში მას WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ.

კომენტარები