საარჩევნო სისტემა

თალაკვაძე: სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გუნდში რამე შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს ჟურნალისტები კითხვას დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს და ამბობს, რომ ამ საკითხზე გუნდში შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს. 

თუმცა, არჩილ თალაკვაძე საუბრობს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის საჭირო კანონმდებლობაზე.

"მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით გუნდში რამე შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს და როგორც ბატონმა ხუნდაძემ განაცხადა, ეს არის იმ მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივა და პოზიცია, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს, სამწუხაროდ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ თავიანთი პოზიცია, მაგრამ საკანონმდებლო ჭრილში ასეთი პროცესის ინიცირება არის გაწერილი კანონით და ამ წესების და კანონის გარეშე რა თქმა უნდა, შეუძლებელია ასეთი ინიციატივა დაინიცირდეს", - ამბობს თალაკვაძე.

ჟურნალისტების კითხვას, შეძლებს თუ არა ხუნდაძე შეაგროვოს საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებისთვის საჭირო 76 დეპუტატის ხმა, პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ პასუხობს, რომ "გუნდში ასეთი შეთანხმება არ არსებობს".

"ნებისმიერ მხარეს, ვინც არ უნდა იყოს, კანონმდებლობა ნათლად განსაზღვრავს როგორ ხდება საკონსტიტუციო ან სხვა ინიციატივების დაწყება პარლამენტში, ამ წესის გარეშე ვერანაირი ინიციატივა ვერ იქნება განხილული", - დასძენს ის.

მცხეთის მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ქართული ოცნება ამაყობს 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით, თუმცა, ხუნდაძის აზრით, ეს სტრატეგიული შეცდომაა და პირიქით, "სინანულს უნდა განვიცდიდეთ". მისი თქმით, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს და იმედოვნებს, რომ "ამ, ყველაზე დემოკრატიულ და სახალხო საარჩევნო სისტემაზე" გადასვლას, ქვეყანა 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების უმრავლესობამ ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ამის გამო, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ მასშტაბური აქციები დაიწყო, რომელიც 18 ნოემბერს ხელისუფლებამ სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშალა.

კომენტარები