პროპორციული საარჩევნო სისტემა

კალაძე: მოსახლეობამ არ იცის განსხვავება საარჩევნო სისტემებს შორის, შეიძლება არც უნდა იცოდეს

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ფიქრობს, რომ მოსახლეობამ არ იცის განსხვავება პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის და არც არის აუცილებელი იცოდეს, რადგან მოქალაქეებს სხვა პრობლებები აქვთ, რომელთა მოგვარებაშიც მათ ხელისუფლება ეხმარება.

კალაძემ ეს IRI-ის კვლევის შესახებ კომენტირებისას თქვა, რომლის მიხედვითაც, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ქარულ ოცნებას ხმას 23% მისცემდა, ოპოზიციას კი - 41%.

"დავუშვათ ჩავთვალოთ, რომ ეს არის სწორი კვლევა, გამოკითხულებიდან რამდენი ერკვევა მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს შორის განსხვავებაში. იყო ეს შეკითხვა დასმული? ადამიანთან რომ მიდიხარ და რაღაცას ეკითხები, იმან თუ არ იცის, რა პასუხი უნდა გაგცეს. ჩემი კითხვა ლეგიტიმურია, რამდენმა იცის ამ სისტემებს შორის განსხვავება. თეორიულად რომ ავიღოთ და ვთქვათ სწორია [კვლევა], რატომ ნერვიულობენ მაშინ. თუ ოპოზიციას ქართულ ოცნებაზე 2-ჯერ მეტი რეიტინგი აქვს, მაშინ არ ჰქონიათ სანერვიულო, ხო? მოსახლეობა გამოვა 2020 წელს და მიიღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთებთან.

მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები. საარჩევნო სისტემებს რაც შეეხება, დღეს რომ ჩავიდეთ ნებისმიერ ქალაქში, სოფელში, დარწმუნებული ვარ, მოსახლეობამ არ იცის დეტალურად, რა განსხვავებებია ამ სისტემებს შორის. შეიძლება არც უნდა იცოდეს, მათთვის მთავარია სხვა, მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც უნდა იქნას მოგვარებული, მოწესრიგებული და ჩვენ ამას ვაკეთებთ", - თქვა კალაძემ.

IRI-ის კვლევისვე მიხედვით, მოსახლეობის 68%-ს პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ სმენია, მათგან 78% მას მხარს უჭერს.

20-21 ივნისის ღამის მოვლენების და მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა დადო პირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერით ჩატარდებოდა.

თუმცა, 14 ნოემბერს ქართული ოცნების 40-მა დეპუტატმა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ინიციატივა ჩავარდა.

საპროტესტო აქციები განახლდა. ოპოზიციამ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინა. 18 ნოემბერს ხელისუფლებამ დემონსტრანტები სპეცრაზმის გამოყენებით დაშლა. აქციის დაშლის შემდეგ პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდა. 

დემონსტრანტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების ე.წ გერმანული მოდელით ჩატარებას სთხოვენ.

კომენტარები