აქციის დაშლა

შსს: რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლისას დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. მათი თქმით, დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ.

უწყების ცნობით, აქციის დაშლისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 პირი დააკავეს. მათ 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან. 

ცნობისთვის, საპროტესტო აქციის ორგანიზატორები, ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი და ადვოკატი ბექა ბასილაია, რომლებიც დღეს პოლიციამ აქციის დაშლის დროს დააკავა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

19 ნოემბერს 2 აქცია დაიგეგმა: აქცია დილის 10 საათზე გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, 18 ნოებერს აქციის დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. საღამოს 7 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები