აქციის დაშლა

აქციის დაშლის დროს დაკავებული კიდევ 6 პირის სხდომა დაიწყო

newstory.ge

ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი, გიორგი ბუნტური, გურამ მჭედლიშვილი, ელგუჯა ბაგრატიონი, ლუკა ჭიჭინაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს დაკავებული კიდევ 6 პირის სასამართლო სხდომა დაიწყო. 

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან.

სხდომას მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი წარმართავს. 

დაკავებულების ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი, ერთ-ერთია, რომელმაც დღეს სხდომის მინიმუმ ერთი დღის გადადება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ადვოკატებს შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა და პირველი 6 პირის სხდომა მხოლოდ 2 საათით გადადო. 

დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატი, გიორგი ჟამიტაშვილი ამბობს, რომ ეს არის შსს-სთვის მიცემული დრო, ორი საათი, რათა მათ შეძლონ მტკიცებულებების წარმოდგენა. 

"ეს დრო მისცეს შსს-ს, მათ გადაუდეს დრო, ჩვენ უარი გვითხრა მოსამართლემ, აქვე ოთახში გაეცანით საქმის დეტალებსო. წინასწარ ვიცით უკვე მათი დამოკიდებულება, უნდათ, რომ დაკავებულებს ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯონ, ეს იქნება 5,10 ან 15 დღე" - განაცხადა ადვოკატმა ჟამიტაშვილმა.

18 ნოემბერს აქციის დაშლის დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს, 17:00 საათამდე გადაიდო. სხდომის გადადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა ადვოკატმა გიგა ონიანმა დააყენა. 

მისი თქმით, მათ ვერ მოასწრეს 37-ვე დაკავებული პირის დაკითხვა, შესაბამისად სასამართლო პროცესი უნდა გადაიდოს. 

"მოსაძიებელია მტკიცებულებები, დასაკითხია მოწმეები, მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები არ არის საკმარისი დაკავებულთა ბრალეულობის დასამტკიცებლად"- აღნიშნა ონიანმა. 

დაკავებულთაგან ერთ-ერთმა ირაკლი კაჭარავამ პროცესზე განაცხადა, რომ დაკავების დროს პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 დემონსტრანტი დააკავეს. 

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები