პარლამენტის პიკეტირება

NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვას დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე ხელისუფლებას მოუწოდებენ: 

​უარი თქვას აქციის მონაწილეთა მიმართებით ძალის გამოყენების ნებისმიერ ფორმასა და სიტუაციის ესკალაციაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სრული პოლიტიკური დესტაბილიზაცია და მოვლენათა შემდგომი განვითარება ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა მოაქციოს.

საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებების შესაბამისად იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში დემოკრატიული პრინციპების მიხედვით, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით. მიიღოს პრევენციული ზომები სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბების ყოველგვარი რისკის გასანეიტრალებლად.

იმოქმედოს პოლიტიკური ანგარიშვალდებულების შესაბამისად, აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და მათი ჩართულობით უზრუნველყოფით დაიწყოს მუშაობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.

განცხადებს ხელს აწერენ: 

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საერთაშორისო გამჭვრივალობა
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

"30 წუთის გასვლის შემდეგ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად" - თქვა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

სამართალდამცველებმა დაიწყეს კარვების აღებაც.

აქტივისტები საპასუხოდ სკანდირებენ: სირცხვილია.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები და ასობით სეპცრაზმელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, პროტესტი პარლამენტთან გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.

ასევე, ქართული ოცნების წევრებმაც თქვეს, რომ სამართალდამცველებმა უნდა უზრუნველყონ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირება.

სამი დღეა, პარლამენტთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს გერმანული მოდელით, დროებით მთავრობას და ცესკოს განახლებულ შემადგენლობას ითხოვს.

გუშინ საღამოდან ჩაკეტილია პარლამენტის ყველა შესასვლელი - აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარვები. ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებენ და მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

პარლამენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. ამით ბიძინა ივანიშვილმა და მმართველმა გუნდმა არ შეასრულა 24 ივნისს გაცემული დაპირება, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა. დაპირება ივანიშვილმა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების და მომდევნო დღეების მასშატბური პროტესტის შემდეგ გასცა.

კომენტარები