ვადამდელი არჩევნები

კობახიძე ვადამდელზე: პარტიებს მოვუწოდებ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი ე.წ გერმანული მოდელი საქართველო კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის. 

ამის შესახებ მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ისაუბრა. 

"ამაზე მსჯელობა არის შეუძლებელი სამართლებრივი მიზეზით, სხვა მიზეზებზე არ მინდა ყურადღება გავამახვილო,"- ამბობს ირაკლი კობახიძე. 

პარლამენტის ყოფილ სპიკერს ოპოზიციის კიდევ ერთ მოთხოვნაზე, ვადამდელ არჩევნებზეც დაუსვეს კითხვა, რაზეც კობახიძე პასუხობს, რომ არჩევნები რიგგარეშე იქნება, თუ როგორც დაგეგმილია, ოქტომბერში ჩატარდება, ამით ქართული ოცნებისთვის არაფერი იცვლება. 

"პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებ, რომ მოემზადონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის,"- ამბობს კობახიძე. 

მისი თქმით, ეს მოთხოვნა "სპეკულაციურია" და ვადამდელი არჩევნები არც ოპოზიციურ პარტიებს არ აწყობთ. 

გერმანულ მოდელზე საუბრისას კობახიძე მანიპულირებს იმ ფაქტით, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს. 

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან. 

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები