პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ქართული ოცნება აუცილებლად მოიკრებს ძალას და აიღებს მომავალზე პასუხისმგებლობას.
მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომა ხვალ, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
ეს პირველი სხდომა იქნება მას შემდეგ, რაც 12-მა დეპუტატმა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონის ჩაგდების გამო უმრავლესობა დატოვა.
"მე ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის გდაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას.
ხვალ, 11 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა. ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას", - თქვა თალაკვაძემ.
პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ მმართველი პარტია, უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა და ახლა ქართულ ოცნებას პარლამენტში 92 დეპუტატი წარმოადგენს.
გუშინ, 14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.
კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნიდან ერთერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.
მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.





