პროპორციული საარჩევნო სისტემა

ხულორდავა: ივანიშვილმა არაერთხელ მიგვითითა, რომ პროპორციულს მხარი უნდა დავუჭიროთ

ტაბულა

ქართული ოცნების წევრის, თამარ ხულორდავას თქმით, პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თანაგუნდელებს არაერთხელ მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას.

ხულორდავამ ეს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.

"საკითხი არის ძალიან რთული, იწვევეს ვნებათაღელვას ჩვენი პარტიის წევრების მხრიდან. მათ გამოხატული აქვთ თავისი პოზიცია მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ძალიან მკვეთრად არაერთხელ პარტიის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთდა კიდევ ერთხელ მოწოდება, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმას. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს რამდენიმე კოლეგას აქვს კატეგორიული პოზიცია, არის იმის დაშვება და მოლოდინი, რომ ზოგიერთი ჩვენი თანაგუნდელი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ხმას არ მისცემს. მიუხედავად ამისა, არსებობს ყველა პირობა, რმ ეს რეფორმა ბოლომდე იქნას მიყვანილი. ამისთვის უნდა წავიდეთ პარლამენტში და ხმა მივცეთ", - თქვა ხულორდავამ.

ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა გუშინ, 13 ნოემბერს გადადო.

მმართველ გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი 2 დღის განმავლობაში განიხილავდა.

პროექტის კენჭისყრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა, მმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს. მათ შორის არის დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც თქვა, რომ კანონის "ჩასაგდებად ემზადებოდა". პროპორციულ სისტემას ეწინააღმდეგებიან აკხა ოქრიაშვილი და ირაკლი დაჩი ბერაიაც, რომელიც დეპუატობამდე მრავალი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკის თანამშრომელი იყო.

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

კომენტარები