პროპორციული საარჩევნო სისტემა

კახიძე ივანიშვილს: დაასრულეთ ეს უნიჭო სპექტაკლი, არავის სჯერა მორჩილების აჯანყების

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების მოთმინებას ცდის. 

ტაბულასთან საუბარში კახიძემ თქვა, რომ არავის სჯერა იმის, რომ ივანიშვილის მორჩილმა უმრავლესობამ შიდა აჯანღება მოაწყო. 

"ამ სპექტაკლს ექნება თავისი დასასრული, ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები,"- ამბობს კახიძე.

მისივე თქმით, ეს ცეცხლთან თამაშია და თუ ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საზოგადოება "გადააგდოს" და მოატყუოს, მასვე შეუტრიალდება ეს ძალიან ცუდად. 

"ამიტომ, მე ვურჩევ, რომ საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა, რაც იყო, იმ დიდ გამარჯვებას, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებამ მიაღწია, არ გადაუხვიოს,"- ამბობს კახიძე. 

დეპუტატი ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, "უნიჭო სპექტაკლი, რომელსაც ოცნების შიგნით დგამენ" მალე დაასრულოს, რადგან ამის არავის სჯერა. მისივე თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი, ევროპული საქართველო კანონპროექტს მხარს უჭერს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შენიშვნები აქვთ. 

"ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ ძვირფას მონაპოვარს, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ დადო, აი, ამ შენობის [პარლამენტის] წინ,"- ამბობს ოთარ კახიძე. 

10 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას კენჭი არ უყარა, რადგან ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა. ოცნების დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ, თქვა, რომ სანამ თითოეულ მათგანს პასუხს არ გასცემენ, მანამდე კანონპროექტს კენჭს ვერ უყრიან. 

პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე 11 ნოემბერს საპროტესტო აქციის ფონზე მსჯელობს. 

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 10 ნოემბერს პარლამენტის სესიაზე განვითარებული მოვლენები ხელოვნურად იყო წარმართული, რადგანაც მმართველ პარტიას დაპირების შესრულება და შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ სურს. 

პარლამენტმა ქართული ოცნების მიერ წარდგენილ კანონპროექტს უნდა უყაროს კენჭი, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით და ბარიერის გარეშე ჩატარდება. მმართველი გუნდის კანონპროექტი ბლოკების აკრძალვასაც ითვალისწინებს. 

საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება ამავე მოწვევის პარლამენტმა შეძლოს, მას სამივე მოსმენით პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის, ანუ 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. 

ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ვერ შეძლებს 3/4-ის მიღებას პირველი და მეორე მოსმენის დროს, მაშინ ამ კანონპროექტს მომდევნო მოწვევის პარლამენტი ერთი (მესამე) მოსმენით მიიღებს (იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის 2/3 ანუ 100 დეპუტატი დაუჭერს მხარს). 

იმ დაშვებით, რომ ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჯამში 27 დეპუტატი, ასევე პატრიოტთა ალიანსის 5 და დამოუკიდებელი დეპუტატები კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, მის მისაღებად ქართული ოცნების, მინიმუმ, 73 დეპუტატის ხმა იქნება საჭირო. 

ცნობილია, რომ ოპოზიციური პარტიები და დეპუტატები კანონპროექტს მხარს სრულად უჭერენ, ხოლო მმართველი გუნდის წევრები კი - ნაწილობრივ. 

ამასთან, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, თუკი საკონსტიტუციო ცვლილებისკენ მიმართული კანონპროექტი მეორე მოსმენისას ვერ შეძლებს 113 ხმის მიღებას, მაშინ ერთი თვის ვადაში ის მეორედ წარედგინება პარლამენტს. ხოლო, კანონპროექტი, რომელიც პირველივე მოსმენისას ჩავარდება, უარყოფილია საბოლოოდ და მას განმეორებით კენჭს ვეღარ უყრიან. 

თავდაპირველად ქართული ოცნების კანონპროექტთან ერთად, ცვლილებათა კიდევ ერთი პაკეტი იყო წარდგენილი, რომელიც 200 000 მოქალაქის ხელმოწერით პარლამენტში ევროპულმა საქართველომ დაარეგისტრირა. კანონპროექტი სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან ერთად 3%-იან ბარიერსა და ბლოკების სტატუსის შენარჩუნებას ითვალისწინებდა, თუმცა ის პირველი მოსმენით ჩააგდო - კვორუმი არ შედგა. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დადო, რაც 2019 წლის ზაფხულში ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით გადაიკეტა, მათ შორის ერთერთი კი სწორედ პროპორციული არჩევნები იყო. 

კომენტარები