ტურიზმი

2019 წელს ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა მეოთხედით გაიზარდა

ბათუმი
georgia.travel

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ოქტომბრის ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. 

მონაცემების მიხედვით, 2019 წლის 10 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ 8 მილიონს გადააჭარბა. რაც შეეხება ოქტომბერს, ამ პერიოდში 8,8%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, ხოლო უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 480 ათასს გადააჭარბა, რაც 7,8%-იანი ზრდაა. 

ტურისტული ნაკადის კლება რუსეთიდან ოქტომბერშიც გაგრძელდა. წინა თვეში საქართველოს რუსეთის 118 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 15%-ით ნაკლებია. რუსეთის კლების პარალელურად იზრდება ვიზიტორების რაოდენობა ევროკავშირიდან. 

ოქტომბერში საქართველოს ევროკავშირის 55 774 მოქალაქე ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით მეტია. ევროკავშირიდან მზარდი მოთხოვნის ტენდენცია წინა თვეებშიც შესამჩნევი იყო. სულ მიმდინარე წელს ევროკავშირიდან ვიზიტორების ჯამური რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი. 

წელს საქართველოს ევროკავშირის 441 271 მოქალაქე ეწვია, რაც 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე 88 385-ით მეტია. ევროკავშირიდან გაზრდილმა მოთხოვნამ მნიშვნელოვნად განაპირობა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის ზრდა. 

პირველად ივლისის შემდეგ, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კლების ნაცვლად ზრდა აჩვენა. წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში სექტორიდან მიღებულმა შემოსავლმა 267 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 14 მილიონი დოლარით აღემატება.

ევროკავშირის ბაზარზე ორიენტირება საქართველოს ბაზრისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ევროკავშირი ნახევარ მილიარდიანი, მაღალ შემოსავლიანი და სტაბილური ბაზარია, რომლის მოქალაქეებიც შედარებით მაღალი ხარჯვიანობით გამოირჩევიან.

ეს დაადასტურა სექტემბრის ტურიზმის სტატისტიკამაც. პირველად, ევროკავშირის ტურიზმიდან შემოსულმა თანხამ რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს გადააჭარბა. შედარებისთვის სექტემბერში საქართველოს სულ ევროკავშირის 72,402 მოქალაქე ეწვია, ხოლო რუსეთიდან 147 ათასი. რაოდენობრივი სხვაობის მიუხედავად, ევროკავშირის მოქალაქეებმა საქართველოში უფრო მეტი დახარჯეს ვიდრე რუსებმა. 

მზარდია საერთაოშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალის რაოდენობაც. მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით ტურიზმიდან მიღებულმა თანხამ 1,5 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს თითქმის, 100 მილიონი დოლარით აღემატება. 

მიმდინარე ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა წლის ბოლომდე 9 მილიონს გადააჭარბებს.

კომენტარები