საარჩევნო სისტემა

ხოშტარია: ჩნდება ეჭვები, რომ "ოცნებას" პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის ჩაშლა სურს

პარლამენტი

ევროპული საქართველოს წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, პარლამენტში გაუჩნდა ეჭვები, რომ მმართველი გუნდის დეპუტატებს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პროცესის ჩაშლა სურთ.

ამის თავიდან აცილებს მიზნით, ევროპული საქართველო პოლიტიკურ განცხადებებზე დღეს უარს იტყვის და კენჭისყრის პროცედურას დაელოდება.

პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა უნდა დაიწყოს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - უნდა შევასრულოთ დანაპირები, რომელიც მივეცით ხალხს და გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. მაგრამ ის, რაც ხდება, აჩენს ეჭვებს, რომ არის ამ მნიშვნელოვანი პროცესის ჩაშლის მცდელობა.

არავის მივცემთ საშუალებას, შეფერხდეს ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ამიტომ ევროპული საქართველო ხსნის დარჩენილ პოლიტიკურ განცხადებებს და ელოდება კენჭისყრას პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

მის პასუხად ქართული ოცნების წევრმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ოპოზიციამ "ძალიან კარგად იცით იმ დუღილის ტემპერატურაზე, რაც არის ამ პროცესთან დაკავშირებით და დამატებით ცეცხლის შენთება საჭირო არ არის". მისივე თქმით, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება საჭიროა.

მანამდე პარლამენტში დეპუტატები, გედევან ფოფხაძე და ირაკლი დაჩი ბერაია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სწორედ დაპირისპირება შეაფასა ელენე ხოშტარიამ პროცესის ჩაშლის მცდელობად.

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ ემხრობა. კახა ოქრიაშვილის თქმით, ის ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს და იგივე პოზიცია აქვს თითქმის ყველა მაჟორიტარს. თუმცა, დეპუტატი აღნიშნავს, რომ მათ, გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე, შეიძლება ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირონ.

საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს, თუმცა, 2024 წლიდან.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მოქალაქეთა პროტესტის და მოთხოვნების შედეგად, მმართველმა გუნდმა გასცა დაპირება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც პროპორციული წესით ჩაატარებდნენ, თუმცა, ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო.

საკანონმდებლო ორგანოში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ორი პროექტია დარეგისტრირებული - ერთი საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის, მეორე კი ოპოზიციას. ქართული ოცნების ინიციატივა ნულოვან ბარიერს ითვალისწინებს და საარჩევნო ბლოკებს ზღუდავს, ოპოზიციის პროექტი კი 3%-იან ბარიერს და საარჩევნო ბლოკების შესაძლებლობას.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 ხმა სჭირდება, რაც ქართულ ოცნებას არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების მხრიდან ნახევრად პროპორციული სისტემიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას წინ უძღოდა გავრილოვის ღამე და მრავალათასიანი პროტესტი რუსთაველის გამზირზე, რომლის ერთერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.

წაიკითხეთ, რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და რით განხსვავდება ის დღევანდელი მოდელისგან.

კომენტარები